„ტვ პირველი" ჟურნალისტების სასამართლოს სხდომიდან გაძევებას სააპელაციოში ასაჩივრებს

პუბლიკა

„ტვ პირველი” სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ ხომერიკის გადაწყვეტილებას, რომლის საფუძველზეც სასამართლო პროცესიდან არხის 2 ჟურნალისტი: ნანუკა ქაჯაია და მარიამ გაფრინდაშვილი გააძევეს.

ხომერიკმა ჟურნალისტები ვაკეში მომხდარი მკვლელობის საქმეში ბრალდებული გელა უძილაურის პროცესიდან მას შემდეგ გააძევეს, რაც ისინი დაინტერესდნენ, რატომ არ მიეცათ ფოტოგადაღების უფლება. მათ ეს კანონის დაცვით, ოფიციალური განცხადებით ჰქონდათ მოთხოვნილი.

მოსამართლემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ პროცესის მხარეს არ წარმოადგენენ და არ აქვთ უფლება ლაპარაკის უფლება.

ქაჯაიას და გაფრინდაშვილს მან ჯერ შენიშვნა მისცა, შემდეგ კი – გააძევა.

განცხადება იურისტმა თორნიკე მიგინეიშვილმა სააპელაციო სასამართლოში უკვე შეიტანა.

„საზოგადოებრივი მაუწყებელი ითხოვდა მხოლოდ ვიდეო გადაღების უფლებას. მოსამართლე მიუდგა დისკრიმინაციულად საკითხს და განიხილა მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადება და მიანიჭა მათ როგორც ვიდეოს, ისე ფოტოგადაღების უფლება. მათ ეს არ სურდათ და ფოტოგრაფიც კი არ ყავდათ წამოყვანილი, როცა „ტვ პირველის” ფოტოგრაფი უკვე დარბაზის წინ ელოდებოდა დაშვებას.

სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება უკანონოდ და ჟურნალისტებს არ მისცა საშუალება, რომ მინიმუმ იმ ფაქტობრივი შეცდომაზე, რაც მოსამართლე დაუშვა და არც მიაქცია ყურადღება განცხადებებს, ჟურნალისტების მხრიდან მითითება მოესმინა. ისინი გააძევა არა მხოლოდ ამ სხდომიდან, არამედ ზოგადად ამ ბრალდებულის სისხლის სამართლის მთელი პროცესიდან. ბუნებრივია, უკანონო გადაწყვეტილებებს უპასუხოდ ვერ დავტოვებთ”. – თქვა ადვოკატმა.

კანონით სასამართლო სხდომების გადაღების დროს უპირატესობა საზოგადოებრივ მაუწყებელს ენიჭება. თუმცა, თუ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი გადაწყვეტს, მან შესაძლოა გადაღების უფლება სხვა მედიას დაუთმოს. მოსამართლემ ეს არ გაითვალისწინა.