„ტვ პირველის“ თანახმად, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, აშშ-ის მიერ რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის მენეჯმენტის საკონსულტაციო სექტორში საქმიანობისა და FSB-სთან კავშირის გამო სანქცირებული ოთარ ფარცხალაძე 9 მაისს წითელ მოედანზე იყო, სადაც რუსეთმა „გამარჯვების დღე“ აღნიშნა.
„ტვ პირველმა“ გაავრცელა რამდენიმე კადრი და ფოტო, სადაც ჩანს, რომ ფარცხალაძე წითელ მოედანზე მამუკა ფიფიასთან ერთად დგას.
მამუკა ფიფია რუსეთში მომუშავე ბიზნესმენია, რომლის ინსტაგრამგვერდზე სერგეი გავრილოვთან ერთად გადაღებული ფოტოც იძებნება. ის ასევე იყო ერთ-ერთი მათგანი, ვინც მოსკოვი-თბილისის პირველი ავიარეისით იმგზავრა.
გარდა ამისა, მამუკა ფიფია არის პრორუსული პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ საერთაშორისო მდივანი.
ეს პარტია მოსკოვთან პირდაპირი დიალოგის მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებს.
„სოლიდარობამ მშვიდობისთვის“ 7 მაისს თბილისში კონფერენციაც გამართა სახელწოდებით „საქართველოს ადგილი ცვალებად მსოფლიოში და სამეზობლო პოლიტიკის პერსპექტივები“.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს, ასევე რუსეთთან პირდაპირი დიალოგის მოთხოვნას მამუკა ფიფიასთან ერთად ხელი მოაწერეს:
ფრიდონ ინჯიამ, პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა „ქართული ოცნების“ სატელიტი პარტიიდან „ევროპელი სოციალისტები“. მისი შვილი, ილია ინჯია „ქართული ოცნების“ პარლამენტში ამავე პარტიის სიით გახდა, ახლა კი ფსევდოოპოზიციური ჯგუფშია.
ნანა კაკაბაძემ – კაკაბაძე „ნეიტრალური საქართველოს“ წევრია. ეს ორგანიზაცია, რომელიც პარტიად რეგისტრაციას გეგმას, „ქართულ ოცნების“ მხარდამჭერია, ეწინააღმდეგება ნატოსა და ევროკავშირში გაწევრებას. ამავე ორგანიზაციის წევრია ვატო შაქარაშვილი. სწორედ „ნეიტრალური საქართველოს“ მიმართვის საფუძველზე დაიწყო პროკურატურამ „საბოტაჟის” საქმის გამოძიება და დააყადაღა საქველმოქმედო ფონდების საბანკო ანგარიშები.
ტრისტან წითელაშვილმა – წითელაშვილი ენმ-ის ხელისუფლების დროს ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. ციხე მან პოლიტპატიმრის სტატუსით დატოვა.
მამუკა ფიფია მოსკოვში თბილისში გამართული ამ შეხვედრის შემდეგ გაფრინდა.