„ტელეკომპანია პირველი” აცხადებს, რომ პროკურატურა ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან ითხოვს, გადაეცეს არჩევნების დღეს ელექტრონული ხმის მიცემის აპარატებში შენახული ინფორმაცია. ამისთვის უწყება სასამართლოს განჩინებას ელოდება, მანამდე კი ცესკოს სთხოვს, აღნიშნული ინფორმაცია „სათანადოდ დაიცვას და შეინახოს”.
დოკუმენტში, რომელიც „ტვ პირველმა” მოიპოვა, პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი რევაზ ბაღაშვილი ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილს მიმართავს:
„სისხლის სამართლის საქმეზე სრული და ყოვლისმომცველი გამოძიების ჩატარების უზრუნველსაყოფად თბილისის საქალაქო სასამართლოდან ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ განჩინების მიღებამდე გთხოვთ, უზრუნველყოთ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამოყენებულ ვერიფიკაციის აპარატებში არსებული ინფორმაციის, მათ შორის, არჩევნებზე ხმის მისაცემად გამოცხადებული მოქალაქეების შესახებ ინფორმაციის სათანადო შენახვა და დაცულობა”.
ხმის მიცემის ელექტრონულ აპარატებზე დაცული ინფორმაციის გადაცემას ცესკოს პარტია „გახარია საქართველოსთვის” სთხოვს.
მათი მოთხოვნაა, გადაეცეთ იმ ამომრჩევლების სია, ვინც ხმა მისცა ელექტრონული აპარატებით. ეს ინფორმაცია, როგორც პარტიაში გვეუბნებიან, 2 ადგილას ინახება: როგორც უშუალოდ აპარატებში, ისე – ცესკოს სერვერებზე.
მათ სასამართლოსაც მიმართეს მოთხოვნით, დაევალებინა ცესკოსთვის ამ ინფორმაციის დაცვა ცესკოს სერვერებზე, თუმცა, დღეს, 5 ნოემბერს პარტიამ განაცხადა, რომ სასამართლომ მათი ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
პარტიამ დღესვე თქვა, რომ „პროკურატურა ყალბი გამოძიების ფარგლებში ცდილობს ვერიფიკაციის აპარატების წაღებას”.
პარტია ასევე ითხოვენ, გასაჯაროვდეს, ანუ ამომრჩევლისთვის ინდივიდუალურად ხელმისაწვდომი გახდეს ცესკოს სერვერებზე დაცული ინფორმაცია – ამომრჩეველთა სია/ბაზები. ცესკო არც მათ ამ მოთხოვნას არ ითვალისწინებს.
რაც შეეხება გამოძიებას – პროკურატურამ გამოძიება დაიწყო „ცესკოს მიმართვის საფუძელზე, საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე”, სისხლის სამართლის კოდექსის 164³-ე – არჩევნების გაყალბების მუხლით.