„TV პირველის“ ჟურნალისტის მიმართ ძალადობის ბრალდებით „ალტ-ინფოს“ წევრი დააკავეს

პუბლიკა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა „ტელეკომპანია პირველის“ ჟურნალისტ ნატო გოგელიაზე ძალადობის, პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის და მისი ნივთის დაზიანების ბრალდებით პრორუსული ძალადობრივი „ალტ-ინფოს“ აქციის მონაწილე მამუკა ანდღულაძე დააკავა.

„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის; ძალადობის და სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებული იქნა მ.ა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 15 მარტს, ტელეკომპანია „TV პირველის” ჟურნალისტი ნატო გოგელია ოზურგეთის რაიონში, სოფელ ბახვში ჟურნალისტურ საქმიანობას ასრულებდა. რეპორტაჟზე მუშაობის დროს, ბრალდებულმა მ.ა.-მ, პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით, ჟურნალისტს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, წაართვა მობილური ტელეფონი და დაუზიანა.

აღნიშნული ქმედებით, ჟურნალისტს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეეშალა, კერძოდ ვერ განახორციელა სიუჟეტის ჩაწერა, ხოლო ძალადობის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.

მ.ა. დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით, 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2022 წელს, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჟურნალისტების მიმართ ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით გამოძიება 12 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო. ხსენებული საქმეების ფარგლებში სისხლისსამართლებრივი დევნა 7 პირის მიმართ იქნა დაწყებული“, – ნათქვამია განცხადებაში.


„TV პირველის“ ცნობით, 15 მარტს თავდასხმა მოხდა ჟურნალისტ ნატო გოგელიაზე. თავს ახალი ამბების სამსახურის ჟურნალისტს ოზურგეთის რაიონის სოფელ ბახვში დაესხნენ.

„ნატო გოგელია ინტერვიუს ჩასაწერად მამუკა ანდღულაძესთან მივიდა, რომელმაც თბილისში პარლამენტის შენობის წინ ევროკავშირის დროშა ჩამოხია და დასაწვავად მის თანაგუნდელებს გადასცა.

ჟურნალისტების გამოჩენის შემდეგ, ანდღულაძემ დაამტვრია მობილური ტელეფონი, რომლითაც ჟურნალისტი ვიდეოგადაღებას აწარმოებდა და ფიზკური შეურაცხყოფა მიაყენა „ტვ პირველის” ჟურნალისტს ნატო გოგელიას“,- აცხადებენ „TV პირველში.“