„TV პირველის“ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

პუბლიკა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, სოფელ ბახვში „TV პირველის“ ჟურნალისტ ნატო გოგელიასთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო.

„სპეციალური საგამოძიებო სამსახური, სწრაფი და ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად, ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ატარებს“,- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„TV პირველის“ ცნობით, ცოტა ხნის წინ, თავდასხმა მოხდა ჟურნალისტ ნატო გოგელიაზე. თავს ახალი ამბების სამსახურის ჟურნალისტს ოზურგეთის რაიონის სოფელ ბახვში დაესხნენ.

„ნატო გოგელია ინტერვიუს ჩასაწერად მამუკა ანდღულაძესთან მივიდა, რომელმაც თბილისში პარლამენტის შენობის წინ ევროკავშირის დროშა ჩამოხია და დასაწვავად მის თანაგუნდელებს გადასცა.

ჟურნალისტების გამოჩენის შემდეგ, ანდღულაძემ დაამტვრია მობილური ტელეფონი, რომლითაც ჟურნალისტი ვიდეოგადაღებას აწარმოებდა და ფიზკური შეურაცხყოფა მიაყენა „ტვ პირველის” ჟურნალისტს ნატო გოგელიას“,- აცხადებენ „TV პირველში.“