ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ „TV პირველის“ ჟურნალისტ ნატო გოგელიაზე თავდასხმაში ბრალდებულ მამუკა ანდღულაძეს აღკვეთი ღონისძიების სახე, წინასწარი პატიმრობა შეუცვალა და 3000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
„ტელეკომპანია პირველის“ ჟურნალისტ ნატო გოგელიაზე ძალადობის, პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლისა და მისი ნივთის დაზიანების ბრალდებით პრორუსული ძალადობრივი „ალტ-ინფოს“ აქციის მონაწილე მამუკა ანდღულაძე 17 მარტს დააკავეს.
„TV პირველის“ ცნობით, 15 მარტს თავდასხმა მოხდა ჟურნალისტ ნატო გოგელიაზე. ახალი ამბების სამსახურის ჟურნალისტს ოზურგეთის რაიონის სოფელ ბახვში დაესხნენ თავს.
„ნატო გოგელია ინტერვიუს ჩასაწერად მივიდა მამუკა ანდღულაძესთან, რომელმაც თბილისში პარლამენტის შენობის წინ ევროკავშირის დროშა ჩამოხია და დასაწვავად თანაგუნდელებს გადასცა.
ჟურნალისტების გამოჩენის შემდეგ, ანდღულაძემ დაამტვრია მობილური ტელეფონი, რომლითაც ჟურნალისტი ვიდეოგადაღებას აწარმოებდა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა „ტვ პირველის” ჟურნალისტ ნატო გოგელიას“,- აცხადებენ „TV პირველში.“