„TV პირველის“ გადამღებ ჯგუფზე ძალადობაში ბრალდებულს გირაო შეეფარდა

პუბლიკა

„ტელეკომპანია პირველის“ ჟურნალისტ ნინო ელიკაშვილისა და ოპერატორ პაპუნა ხაჩიძის მიმართ ძალადობაში ბრალდებულ გოჩა აფრასიძეს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

ამ გადაწყვეტილებით მოსამართლემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა პატიმრობის თაობაზე. ბრალდებული მას შემდეგ დატოვებს საპატიმროს, რაც გირაოს თანხას გადაიხდის. ამისთვის მას 20 დღე აქვს. დაცვის მხარე ბრალდებულისთვის 5000-ლარიან გირაოს მოითხოვდა.

ჟურნალისტი ნინო ელიკაშვილი „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ მისი მიზანი გოჩა აფრასიძის პატიმრობა კი არა, მისი დასჯა და სამომავლოდ მსგავსი ქმედების პრევენციაა. ელიკაშვილის პოზიციით, სასამართლოს გადაწყვეტილება ბრალად შერაცხული ქმედების განმეორების რისკს არ ამცირებს. მისივე თქმით, პროკურატურა განჩინების გასაჩივრებას გეგმავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 30 ივნისს წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში „ტელეკომპანია პირველის“ გადამღებ ჯგუფს ფიზიკურად დაუპირისპირდა ადგილობრივი პირი, რომელმაც ჟურნალისტებს პროფესიულ საქმიანობაში შეუშალა ხელი და ფიზიკურად შეურაცხყოფა მიაყენა მათ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (ძალადობის) და 154-ე (ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის) მუხლებით დაიწყო.