შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „TV პირველის“ ჟურნალისტ ნინო ელიკაშვილსა და ოპერატორ პაპუნა ხაჩიძეზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (ძალადობის) და 154-ე (ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის) მუხლებით დაიწყო.
„მიმდინარე წლის 30 ივნისს წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში „ტელეკომპანია პირველის“ გადამღებ ჯგუფს ფიზიკურად დაუპირისპირდა ადგილობრივი პირი, რომელმაც ჟურნალისტებს პროფესიულ საქმიანობაში შეუშალა ხელი და ფიზიკურად შეურაცხყოფა მიაყენა მათ. შეტყობინების მიღებისთანავე პოლიცია შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა და დაიწყო საგამოძიებო ღონისძიებები. მომხდარ ფაქტზე გრძელდება საგამოძიებო ღონისძიებები დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით“, – აცხადებს შსს.
ტელეკომპანიის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ამსახველ ვიდეომასალას „ტელეკომპანია პირველი“ ავრცელებს.