„TV პირველის“ ოპერატორის მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ბრალდებით კიდევ 1 პირი დავაკავეთ - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციის დროს მოძალადე კიდევ 1 პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

„ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტებზე კიდევ ერთი პირი – 1997 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ. გ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ნ.გ.-მ მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, რევაზ თაბუკაშვილისა და გიორგი ჭანტურიას ქუჩების კვეთაზე, „ტვ პირველის“ ოპერატორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, “- ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა, 14 ივლისს, 1988 წელს დაბადებული ვ.ბ. დააკავეს, რომელმაც „ტვ პირველის“ ოპერატორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 156-ე მუხლის მე -2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.