„TV პირველის" ოპერატორის საქმიანობაში ხელის შეშლის გამო მოქალაქე ვამხილეთ - სპეციალური საგამოძიებო სამსახური

პუბლიკა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ტელეკომპანია „TV პირველის“ ოპერატორისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, ერთი მოქალაქე ამხილა.

როგორც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში ვკითხულობთ,  ტელეკომპანია “TV პირველის” ოპერატორი – ნ.კ. თბილისში, ფონიჭალაში, დავით აღმაშენებლის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჟურნალისტურ საქმიანობას ასრულებდა. რეპორტაჟზე მუშაობის დროს, ბრალდებულმა დ.მ.-მ, პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით, ოპერატორ ნ.კ.-ს ვიდეოკამერას ხელი დაარტყა, რის შედეგადაც ნ.კ.-მ წონასწორობა დაკარგა და წაიქცა.

„აღნიშნული ქმედებით, ნ.კ.-ს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეეშალა”. – ამბობენ საგამოძიებო სამსახურში.

„სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საქმეზე ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩაატარა და დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებები მოიპოვა. აღნიშნულის საფუძველზე, 2023 წლის 27 თებერვალს დ.მ.-ს მიმართ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დაიწყო”. – ვკითხულობთ განცხადებაში.