„TV პირველისა“ და „მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფებს პარლამენტში აკრედიტაცია შეუჩერდათ

პუბლიკა

პარლამენტის აპარატმა „TV პირველის“ გადამღები ჯგუფის წევრებს, ჟურნალისტ რუსუდან დუმბაძესა და ოპერატორ ირაკლი მურმანიშვილს, ასევე „მთავარი არხის“ ჟურნალისტ თათია წოწონავასა და ოპერატორ ზურაბ ჩხვირკიას საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაცია ერთი თვით შეუჩერა.

გადაწყვეტილების დასაბუთებაში აღნიშნულია, რომ მათ დაარღვიეს პარლამენტში ჟურნალისტთა ქცევის ახალი წესებიდან ერთ-ერთი, კერძოდ, პარლამენტის წევრის მიერ ინტერვიუზე უარის მიუხედავად, არ შეწყვიტეს ინტერვიუს ჩაწერა.

როგორც ტელეკომპანიები იუწყებიან, საუბარია უმრავლესობის დეპუტატ ელისო ბოლქვაძესთან ჩაწერილ ინტერვიუზე.

5 აპრილს, გვიან საღამოს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 4 ქართველ მოსამართლეს სანქციები დაუწესა. 6 აპრილს დილით ჟურნალისტები პარლამენტში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების კომენტარის მოპოვებას ცდილობდნენ. ისინი აღნიშნავდნენ, რომ პარლამენტში ჩანიშნული ყველა სხდომა და შეხვედრა გაუქმდა, უმრავლესობის დეპუტატები კი საკანონმდებლო ორგანოში არ ჩანდნენ.

სწორედ ამ დროს მოახერხეს ჟურნალისტებმა კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, ელისო ბოლქვაძის კომენტარის მოპოვება.

დეპუტატმა ჟურნალისტების არც ერთ შკითხვას არ უპასუხა და განაცხადა, რომ ინტერვიუს არ იძლევა.

შეკითხვაზე, რა პოზიცია აქვს მას, როგორც დეპუტატს, მოსამართლეების სანქცირებაზე და როცა პასუხზე უარს ამბობს, გრძნობს თუ არა პასუხისმგებლობას მაყურებლის წინაშე, ბოლქვაძე ამბობს:  „TV პირველის“ ინფორმაციებს არ ვიზიარებ, თქვენს მაყურებელს არ ვცნობ“.

„TV პირველის“ და „მთავარი არხის“ გადამღები ჯგუფის ინტერესებს „მედიაომბუდსმენი“ დაიცავს.

ორგანიზაციის შეფასებით, აკრედიტაციის წესი არღვევს მედიის წარმომადგენლების და საზოგადოების უფლებას, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ.

„საქართველოს პარლამენტის მიერ აკრედიტაციის შეჩერების პრაქტიკა კი მედიაზე პოლიტიკური ანგარიშსწორების ბერკეტი ხდება“, – ამბობს „მედიაომბუდსმენი“.

გუშინ, 6 აპრილს ასევე ცნობილი გახდა, რომ იმავე მიზეზით აკრედიტაცია შეუჩერეს „შაბათის ფორმულას“ ჟურნალისტსა და ოპერატორს.

1 აპრილს გასული სიუჟეტი პროპაგანდისტული ტელევიზიის, POST TV-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის, შალვა რამიშვილის მხარდამჭერ განცხადებებს ეხებოდა. ჟურნალისტი ცდილობდა, „ქართული ოცნების“ დეპუტატებისგან მოესმინა, რატომ უცხადებდნენ ისინი სოლიდარობას შალვა რამიშვილს და არა იმ ქალებს, რომლებმაც რამიშვილი სექსუალურ შევიწროვებაში დაადანაშაულეს.

პარლამენტის აპარატმა 5 მარტს „პუბლიკის“ ჟურნალისტ ნათია ამირანაშვილსაც შეუჩერა აკრედიტაცია. მისთვის  აკრედიტაციის გაუქმება 2 მარტს პარლამენტში გამართულ აქციაში მონაწილეობას უკავშირდება.

მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს სასწრაფოდ აღუდგინოს ტელეკომპანიების თანამშრომლებს აკრედიტაცია და შეწყვიტოს ამ ფორმით კრიტიკულ მედიაზე დამატებითი ზეწოლის ახალი, მანკიერი პრაქტიკის დამკვიდრება.

„პარლამენტის გადაწყვეტილება კრიტიკული ტელევიზიების ჟურნალისტებისა და ოპერატორებისათვის აკრედიტაციის შეჩერებასთან დაკავშირებით, ზღუდავს განსხვავებულ აზრის გამოხატვისა და მმართველი პარტიის წარმომადგენლებისთვის კრიტიკული კითხვების დასმის შესაძლებლობას“, – აღნიშნულია განცხადებაში.