თვალჭრელიძეზე გამოსახლებისას აქციაზე დაკავებული 2 მოქალაქე სასამართლომ 5 000-5 000 ლარით დააჯარიმა

პუბლიკა

თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე გამოსახლებისას დევნილების მხარდასაჭერად აქციაზე მისული ორი მოქალაქე – ნიკოლოზ ტყემალაძე და ვასო ბერიძე სასამართლომ 5 000-5 000 ლარით დააჯარიმა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მათ პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა.

„რა თქმა უნდა, უსამართლო სასამართლომ მე და ჩემი მეგობარი დაგვაჯარიმა 5 000 ლარით, იმის გამო, რომ სოლიდარობა გამოვხატეთ გამოსახლებულების მიმართ. რა თქმა უნდა, ბრძოლას გავაგრძელებთ, არც 5 000-ლარიანი ჯარიმის, არც 20 000-ლარიანის, არც მილიონიანის, არც დაჭერის არავის არ ეშინია, იმიტომ, რომ ქვეყანა არის გადასარჩენი რუსული დიქტატურისგან, ქვეყანაში დასაბრუნებელია დემოკრატია, ამიტომ ახალგაზრდები ვიბრძოლებთ ბოლომდე“, – თქვა ნიკოლოზ ტყემალაძემ „ფორმულასთან“.

24 ივლისს აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებმა თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე მცხოვრები მოქალაქეები ძალადობრივი გზით გამოასახლეს. პოლიცია, გაურკვეველი ფორმირების ნიღბიანებთან ერთად საცხოვრებელ სახლებში შევიდა, ნივთები ქუჩაში გამოყარა და მცხოვრებლები, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები ქუჩაში გამოასახლა. იმავე ღამეს პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 17 ადამიანი დააკავა. ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ, რომელმაც 4 დაკავებული მოინახულა, „პუბლიკას“ უთხრა, რომ სამ მათგანს ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება. დაკავებულთაგან ორი გამოსახლებული ზვიად ცეკვავამ 2000-2000 ლარით დააჯარიმა, ორი აქტივისტი კი 5000-5000 ლარით. მოსამართლე კობა ჩაგუნავამ კი სამ გამოსახლებულს სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა.

26 ივლისს თბილისის მერიამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ აღნიშნულ მისამართზე მყოფ პირებთან სამგორის რაიონის გამგეობამ მოლაპარაკება „ჯერ კიდევ ორი წლის წინ დაიწყო“. მერიის განცხადებით, „ყველას, ვინც რეგისტრირებულია თბილისში, შესთავაზეს ქირით უზრუნველყოფა. ასეთი აღმოჩნდა მხოლოდ 9 მოქალაქე. მათთან ასევე მუდმივი კომუნიკაცია ჰქონდა თბილისის მერიის მზრუნველობის სააგენტოს, რათა გაეწიათ დახმარება თბილისში რეგისტრირებული პირებისთვის“.

„რაც შეეხება დედაქალაქში რეგისტრაციის არმქონე მოქალაქეებს, მათ დახმარებას უწევენ შესაბამისი სახელმწიფო უწყებები“, – ვკითხულობთ 26 ივლისის განცხადებაში.