თვითდასაქმებულთა კომპენსაცია რეგისტრირებულთა 65%-ზე მეტმა უკვე მიიღო

პუბლიკა

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 31 ივლისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის საშუალებით სულ დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები 245 421 თვითდასაქმებული პირი. მათგან 160 161 მიიღო 300-ლარიანი კომპენსაცია. სულ გადაირიცხა 48 048 300 ლარი.

„რაც შეეხება დასაქმებულებს, რომლებიც პანდემიის გამო დაზარალდნენ, 200 ლარის ოდენობით კომპენსაცია ჩაერიცხა აპრილის თვის 90 131 პირს. მაისის თვის 135 670 პირს, ივნისის – 118 058 პირს. გადარიცხული თანხა ჯამში შეადგენს 68 771 800 ლარს. თანხები ეტაპობრივად ირიცხება“, – წერია დასაქმების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათი განცხადებით, სახელმწიფო კომპენსაციის მისაღებად თვითდასაქმებულთა რეგისტრაციის დღეს დღის ბოლოს იწურება. უკვე რეგისტრირებულ პირებსაც მიეცათ შესაძლებლობა, არასრული/დაუზუსტებელი მიმაგრებული დოკუმენტაცია განაახლონ 2020 წლის 1 აგვისტომდე.

„მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები თვითდასაქმებულთა წრე გაფართოვდა და დახმარებით საზღვარგარეთ სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებული ადამიანებიც სარგებლობენ“, – ნათქვამია განცხადებაში.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალზე დარეგისტრირდა 35 564 უცხოეთში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებული პირი. მათგან 28 717 პირს უკვე გადაერიცხა ერთჯერადი დახმარება 300 ლარის ოდენობით, რაც 8 615 100 ლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ კომპენსაციის მიმღებ პირთა რეგისტრაცია დღეს იწურება, თუმცა თანხის გადარიცხვა კვლავაც გრძელდება.