„თვითიზოლაციაში მყოფებს 30 ოქტომბრამდე გაუგრძელდეს რეგისტაციის ვადა“ - ხოშტარია ცესკოს მიმართავს

პუბლიკა

„ევროპული საქართველოს“ ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, გონივრული ეჭვი ჩნდება, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია არეგისტრირებს მხოლოდ იმ საკარანტინე სივრცეებსა და თვითიზოლაციაში მყოფ პირებს, ვინც მათ ააძლევს ხელს.

ხოშტარია მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ 30 ოქტომბრამდე გაახანგრძლივონ რეგისტრაციის ვადა და უზრუნველყონ ყველა პირის რეგისტრაცია, რათა არ შეიზღუდოს არცერთი მოქალაქის საკონსტიტუიცო უფლება.

„გუშინ დაიწყო ეს პროცესი და პირველივე დღეს ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ხელისუფლება არ უზრუნველყოფს ადამიანების კონსტიტუციურ უფლებას, რომ მისცენ ხმა. გუშინ, როდესაც დაიწყო ზარების შესვლა, იმ მომენტისთვის, როდესაც შესული იყო 467 თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანის ზარი, რომლებსაც სურვილი ჰქონდათ დარეგისტრირებულიყვნენ ხმის მისაცემად, მხოლოდ 37 ადამიანი დაარეგისტრირეს, იმ გაუგებარი მიზეზით, რომ ისინი თურმე არ არიან ჯანდაცვის სისტემაში.

კეთილი ინებოს სახელმწიფომ და უზრუნველყოს ყველა თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანის საარჩევნო უფლება და თუ ვერ აბამენ ჯანდაცვის სისტემის მოწესრიგებას თავს ეს არ უნდა მოხდეს ადამიანების კონსტიტუციური უფლების ხარჯზე.

ვადა 24-დან 26 ოქტომბრამდე აბსოლუტურად არაგონივრული ვადაა, ერთი მხრივ, არ არის საკმარისი ეს დრო, რომ ადამიანები დაუკავშირდნენ, რადგან ხაზები არის გადატვირთული და მეორე მხრივ, ეს ზღუდავს იმ ადამიანების კონსტიტუციურ უფლებას, რომლებიც ვალდებულები იქნებიან თვითიზოლაციაში გადავიდნენ 27-ის შემდეგ.

მოვუწოდებ ხელისუფლებას და ცესკოს, რომ ეს ვადა დაუყოვნებლივ გაგრძელდეს, როგორც მინიმუმ 30 ოქტომბრამდე, რადგან ყველა ადამიანმა შეძლოს ხმის მიცემა.

აქ მკაფიოდ ჩანს, რომ ხელისუფლება, რომელიც აბსოლუტურად მოუწესრიგებელია კოვიდვითარების მართვაში გარდა ამისა, გონივრული ეჭვი ჩნდება, რომ დარეგისტრირება ხდება პოლიტიკური პარტიული მანიპულირებით და ხდება იმ ადამიანების დარეგისტრირება, რომლებიც მათ აწყობთ და არ არეგისტრირებენ იმ ადამიანებს, რომლებიც მათ არ აწყობთ.” – განაცხადა ხოშტარიამ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, მოცემული დროისთვის გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრს მიმართა 900-მდე ამომრჩეველმა, თუმცა გარკვეული რაოდენობის ზარები არ შეესაბამებოდა გადასატანი ყუთის სიაში შეყვანის კრიტერიუმებს.

ცესკომ შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით რეგისტრირებულ 3000-მდე ამომრჩეველს გაუგზავნა სატელეფონო შეტყობინებები.

საარჩევნო ადმინისტრაცია მიმართავს თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს, იაქტიურონ, 26 ოქტომბრის 22:00 საათამდე მომართონ ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრს ტელეფონის ნომერზე 2-51-00-51 (0)  და დროულად მოითხოვონ გადასატანი საარჩევნო ყუთით მომსახურება.