საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოში (TI) ამბობენ, რომ მისასალმებელია ცესკოს გადაწყვეტილება სპეციალური გადასატანი ყუთის სიაში იმ ამომრჩევლის რეგისტრაციის ვადის 27 ოქტომბრის 14:00 საათამდე გაახანგრძლივების შესახებ, რომლებიც ჩOVID-19-ის გამო თვითიზოლაციაში იმყოფებიან ან ბინაზე გადიან მკურნალობას, თუმცა, მათივე თქმით, ამომრჩევლები რიგ ბიუროკრატიულ ბარიერებს აწყდებიან, რაც პროცესის ხარვეზიანობაზე მიუთითებს.
„ჩვენმა ორგანიზაციამ ცესკოს შესაბამისი დადგენილება მისი მიღების დღიდან რამდენიმე პრობლების გამო გააკრიტიკა. პირველ რიგში, სწორედ თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანებისთვის რეგისტრაციის ვადის სიმცირის გამო, რადგან თავიდანვე ცხადი იყო, რომ მოცემული ვადა – 24-26 ოქტომბერი, დასარეგისტრირებლად საკმარისი არ იქნებოდა ამომრჩევლებისათვის.
ამასთანავე, პრაქტიკაში ფიქსირდება რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა:
- ცესკოს ცხელი ხაზი გადატვირთულია;
- თვითიზოლაციაში მყოფ მოქალქეებს არ აქვთ ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის სამინისტროს სიაში აღრიცხვის გარეშე მათი რეგისტრაცია არ ხდება. ამ მიზნით მათ ცესკოდან ჯანდაცვის ცხელ ხაზზე ამისამართებენ, რომელიც ასევე გადატვირთულია;
- ცესკოს მიერ რეგისტრაციის ვადის გახანგრძლივების შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე ოპერატორებმა რამდენიმე მოქალაქეს განუცხადეს, რომ სამინისტრომ უკვე დაასრულა თვითიზოლაციაში მყოფი პირების საარჩევნო მიზნით აღრიცხვა და სია 26 ოქტომბერს გადასცა ცესკოს, “- ამბობენ ორგანიზაციაში.
როგორც TI-ში ამბობენ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ორგანიზაციას სხვადასხვა ადამიანი ატყობინებს, რომ მიუხედავად თვითიზოლაციაში ყოფნისა, ჯანდაცვის სამინისტროს არ ჰყავს თვითიზოლაციაში მყოფ პირად აღიცხული.
„შეიძლება ითქვას, რომ სამინისტროს არ ჰყავს სრული სიზუსტით თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანები აღრიცხული. ეს მოცემულობა პრობლემას უქმნის ადამიანებს რეგისტრაციის მომენტში, რის გამოც ათასობით ამომრჩეველი შესაძლებელია არჩევნებში მონაწილეობის გარეშე დარჩეს 31 ოქტომბერს.
მიგვაჩნია, რომ სიების ავტომატური ფორმირება ისე, რომ სავალდებულო არ ყოფილიყო თავად ამომრჩევლისთვის ცესკოში დარეკვა, საორგანიზაციო პრობლემების დიდ ნაწილს მოაგვარებდა. ასევე, კვლავაც ვფიქრობთ, რომ საკარანტინო ზონებსა და სამკურნალო დაწესებულებებში მნიშვნელოვანი იქნებოდა სპეციალური უბნების შექმნა.
იმედს გამოვთქვამთ, რომ არჩევნების დღეს გადასატანი საარჩევნო ყუთის საკითხთან დაკავშირებით პრობლემა არ წარმოიშობა და ყველა რეგისტრირებულ პირთან მივა. ასევე, ვწუხვართ, რომ მსგავსი ლოჯისტიკური პრობლემების გამო, შესაძლებელია, რამდენიმე ათასმა ამომრჩეველმა ხმის მიცემის უფლებით ვერ ისარგებლოს“, – ამბობენ ორგანიზაციაში.
ადამიანებს, რომლებიც თვითიზოლაციაში იმყოფებიან ან ბინაზე გადიან მკურნალობას, რეგისტრაციისათვის შეუძლიათ მიმართონ ცესკოს დღეს, 27 ოქტომბერს 14:00 საათამდე. ნომერზე: +995 32 251-00-51; შიდა ნომერი „0“.
საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო მოუწოდებს ამომრჩევლებს მაქსიმალურად ისარგებლონ ამ შესაძლებლობით.