გურიაში, ქალაქ ოზურგეთში იტალიიდან ჩამოსულმა მოქალაქემ თვითიზოლაციის წესები რამდენჯერმე დაარღვია და ის ამ წუთებში საკარანტინო სივრცეში გადაჰყავთ. ამის შესახებ „პუბლიკას“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების უფროსმა, არჩილ მჟავიამ განუცხადა.
მისი თქმით, თვითიზოლაციის წესების დარღვევა მეზობლებმა შენიშნეს და პოლიციას მიმართეს.
„ველოდებით ახლა ეკიპაჟს და გადაგვყავს საკარანტინო ზონაში, დაუმორჩილებლობის გამო. მან რამდენჯერმე დაარღვია ეს წესები და გამოვიძახეთ, ვინც იყო საჭირო. გაძალიანება არ გვაქვს, არ გვიჭირდება არავითარი პოლიცია. თავიდან მეზობლებმა მიმართეს პოლიციას, ჩვენ ვიყავით, გავაფრთხილეთ, მაგრამ მაინც გადავწყვიტეთ, რომ გადავიყვანოთ“, – განაცხადა არჩილ მჟავიამ „პუბლიკასთან“.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოუწოდებს იმ პირებს, ვინც კორონავირუსით ინფიცირების მაღალი რისკის ქვეყნებში იმყოფებოდნენ აუცილებლად დარჩნენ თვითიზოლაციაში.
„თუ მივდივართ მაღალი რისკის ქვეყნებში, ესენი არის: ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ირანი, იტალია და დავამატებდი იაპონიას, აუცილებელია, ჩამოსვლის შემდეგ მოვახდინოთ თვითიზოლაცია. სიმპტომები გექნებათ თუ არ გექნებათ, არ აქვს მნიშვნელობა“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
რეკომენდაციები თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის:
– იზოლაციაში უნდა იყოთ დაავადების გამომწვევთან ექსპოზიციის [კონტაქტი] ბოლო თარიღიდან 14 დღის განმავლობაში (ვადის განსაზღვრაში დაგეხმარებათ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესაბამისი უწყების წარმომადგენელი) და აკონტროლეთ საკუთარი ჯანმრთელობა;
– თვითიზოლაციის სივრცეში არ არის რეკომენდებული ვიზიტორებისა და სტუმრების მიღება;
– დასაშვებია არაპირდაპირი კონტაქტით საკვების გადაცემა;
– თუ თქვენთან ერთად ერთიან საცხოვრებელ სივრცეში იმყოფება სხვა პირი/პირები მათთან კონტაქტი უნდა იყოს მინიმალური. არ დაიშვება 1 მეტრზე ახლო კონტაქტი 15 წუთზე მეტ ხანს;
– იზოლაციის პერიოდში უნდა გქონდეთ განცალკევებული ჭურჭელი (ჭიქა, თეფში, კოვზი და ა.შ.), პირსახოცი, საწოლი;
– დასაშვებია იქონიოთ სატელეფონო კავშირი და ისარგებლოთ ინტერნეტით;
– ამ დროის განმავლობაში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესაბამისი უწყებები განახორციელებენ თქვენს მონიტორინგს. ჯანმრთელობის მონიტორინგი შეიძლება განხორციელდეს თქვენთან უშუალო კონტაქტის გარეშე – ტემპერატურის თვითგაზომვით, სიმპტომების გამოვლენისას – თვითანგარიშგებით;
– თუ აღგენიშნებათ ცხელების და ან რესპირატორული ვირუსული ინფექციის მსგავსი კლინიკური ნიშნები, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ინფექციური პროფილის (რეფერალურ) სტაციონარს;
– თუ დაგჭირდათ არაგადამდები დაავადების (მაგ; ქირურგიული, გინეკოლოგიური და სხვა) სასწრაფო სტაციონარული სამედიცინო დახმარება, თქვენი კლინიკაში ტრასნპორტირება განხორციელდება სპეციალური ავტოტრასნპორტით, სტაციონარში მოთავსდებით ბოქსირებულ პალატაში საიზოლაციო პერიოდის ვადის გასვლამდე;
– ზოგადად, კრიზისის დროს სევდა, სტრესი, დაძაბულობა, შიში ან ბრაზი ნორმალურია. ასეთ დროს დაგეხმარებათ საუბარი ისეთ ადამიანებთან, ვისაც ენდობით. დაუკავშირდით თქვენს ოჯახს, მეგობრებს;
– ემოციებთან გასამკლავებლად არ გამოიყენოთ თამბაქო, ალკოჰოლი ან სხვა ნივთიერებები;
– დაიცავით ცხოვრების ჯანსაღი წესი – იკვებეთ ჯანსაღად, დაისვენეთ, იყავით ფიზიკურად აქტიური და იქონიეთ სოციალური კონტაქტი თქვენთვის ძვირფას ადამიანებთან ტელეფონითა ან ელექტრონული ფოსტით.