რუსული გამოცემა „მედუზას“ ინფორმაციით, თვითმფრინავმა, რომლითაც რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი მოსკოვში ბრუნდებოდა, დაჯდომისას გეზი იცვალა. ის ვნუკოვოს ნაცვლად შერემეტიევოს საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა.
ვნუკოვოს აეროპორტთან ნავალნის დასახვედრად მისი მხარდამჭერები შეიკრიბნენ. აეროპორტის მიმდებარე ტერიტრიაზე მალევე გამოჩნდა ომონიც, რომელმაც ნავალნის თანაგუნდელებისა და მხარდამჭერების ნაწილი დააკავა. სამართალდამცველები მოუწოდებენ მოქალაქეებს, რომ დაიშალონ, შეკრებილები კი მათ დახვდნენ შეძახილებით – „ფაშისტებო“.
ტელეკომპანია „დოჟდის“ ინფორმაციით, დაკავებულები არიან ნავალნის ანტიკორუფციული ფონდის იურისტი ლიუბოვ სობოლი, ფონდის თანამშრომელი რუსლან შავედინოვი და ერთ-ერთი აქტივისტი კონსტანტინ კოტოვი. ჯერჯერობით უცნობია რა მუხლით დააკავეს ნავალნის დასახვედრად მისული მოქალაქეები.
ალექსეი ნავალნი მოსკოვში დაბრუნების შემდეგ შესაძლოა, დააკავონ. 28 დეკემბერს რუსეთის პროკურატურამ ნავალნის ულტიმატუმი წაუყენა, რომ სასწრაფოდ დაბრუნებულიყო მოსკოვში, წინააღმდეგ შემთხვევაში, დააპატიმრებდნენ. ნავალნის პირობითი მსჯავრი ჰქონდა, რომელიც 30 დეკემბერს იწურებოდა.
ნავალნის წარმომადგენელმა კი განაცხადა, რომ პოლიტიკოსი რეაბილიტაციის კურსს გადიოდა და მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, რუსეთში იმ მომენტში დაბრუნებას ვერ მოახერხებდა.
ნავალნი გერმანიაში 22 აგვისტოს გადაიყვანეს. მაშინ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული იყო. გერმანიის საგმაოძიებო უწყების ინფორმაციით, რუსი პოლიტიკოსი ნერვული აგენტით „ნოვიჩოკით“ ან მისი მსგავსი ნივთიერებით მოწამლეს. გამოცემა Bellingcat-ის საგამოძიებო რეპორტაჟის თანახმად კი, ნავალნის მოწამვლა რუსეთის უშიშროების სამსახურის მიერ იყო დაგეგმილი.