„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის, თამარ არჩუაძის განცხადებით, აეროპორტებსა და თვითმფრინავის სალონში მგზავრებისთვის პირბადის ტარება სავალდებულო იქნება. მისივე თქმით, ამჟამად აეროპორტებში მიმდინარეობს შესაბამისი მონიშვნების დაკვრა, რათა მგზავრებმა დისტანციის დაცვა შეძლონ.
„თბილისის აეროპორტი უკვე პრაქტიკულად მზად არის. ქუთაისის აეროპორტი და „აეროპორტების გაერთიანებაში შემავალი სხვა დანარჩენი აეროპორტები ვემზადებით 1 ივლისისთვის. ამჟამად ყველა აეროპორტში მიმდინარეობს სტიკეტების დაკვრა, რათა მგზავრებმა შეძლონ დისტანციის დაცვა მეტრ-ნახევრის მანძილზე.
რაც შეეხება თვითმფრინავის სალონში მგზავრობას, მგზავრებს მოუწევთ პირბადეების ტარება, ასევე იმ აეროპორტების რეგულაციების დაცვა, რომლებშიც ჩაფრინდებიან“, – აცხადებს არჩუაძე.
მთავრობის გადაწყვეტილებით, 15 ივნისიდან საქართველოში შიდა ტურიზმი გაიხსნება. 1 ივლისიდან კი ქვეყანა საზღვრებს საერთაშორისო ვიზიტორებისთვისაც გახსნის.