თვითმკვლელობის ვერსიასაც სჭირდება მოტივაციის დადასტურება - რამიშვილი

პუბლიკა

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის ,მიხეილ რამიშვილის თქმით, თვითმკვლელობის ვერსიას არსებობის უფლება აქვს, თუმცა ამ ვერსიასაც სჭირდება მოტივაციის დადასტურება. რამიშვილის თქმით, გამოძიება ამავდროულად სხვა ვერსიებზეც უნდა მუშაობდეს, პროკურატურა კი მხოლოდ თვითმკვლელობის ვერსიაზე საუბრობს.

„ჩემი შეხედულებით მაინც დასადგენია მოტივაცია. დასადგენია, როგორ მოხდა და როგორ განხორციელდა. მაგრამ თუ საუბარია იმაზე, რომ ეს არის თვითმკვლელობა, მაშინ მოტივაცია უნდა იყოს დადასტურებული.

ყველა ვერსიას აქვს არსებობის უფლება, მაგრამ არ უნდა იყოს მხოლოდ ერთ ვერსიაზე, თვითმკვლელობაზე მუშაობა. ყველა ვერსიაზე უნდა მიდიოდეს მუშაობა და ყველა ვერსიისთვის უნდა იყოს მოპოვებული მტკიცებულბები.

როგორც თავად ასაჯაროებენ თვითმკვლელობისკენ მიმავალ მოტივაციას, მაშინ მე გავასაჯაროვებ, როგორ ცვლიან გარკვეული პირები ჩვენებებს“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

თამარ ბაჩალიაშვილის დედის თეონა თამაზაშვილის განცხადებით, ის არ ენდობა პროკურატურას. მისი თქმით, ის არ იზიარებს თვითმკვლელობის ვერსიას.

„არანაირი თვითმკვლელობა. თვითმკვლელობის გამოსაძიებლად თვენახევარი დასჭირდათ? დამიდონ სატელიტების ჩანაწერები, იდგა თუ არა ის მანქანა იქ; რა წერილი მისწერეს FBI-ს, რა უწერიათ? იქნებ, სულაც მიწერეს, რომ თვითმკვლელობაა და ამიტომ არ ერთვება FBI.  გამოაქვეყნონ იმათი პასუხიც. ასევე, დადონ ის „ფლეშკები“, რაშიც არის ყველაფრის პასუხი. ის ორი ფლეშკა – ერთი რომელიც გასაღებზე ეკეთა თამუნას და არ უკეთია და მეორე, რომელიც იყო კომპიუტერზე“, – განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

საქართველოს პროკურატურამ დღეს თამარ ბაჩალიაშვილის საქმის შესახებ ბრიფინგი გამართა. უწყებამ ამ ეტაპისთვის მიღებული ექსპერტიზების შედეგები და მასთან შემხებლობაში მყოფი მტკიცებულებები გაასაჯაროვა.

პროკურატურამ გაავრცელა სათვალთვალო კამერებიდან ამოღებული ვიდეოკადრებიც, სადაც ჩანს, როგორ ყიდულობს თამარ ბაჩალიაშვილი, გამოძიების მტკიცებით, წინასწარ მოძიებულ მედიკამენტებს, რომლებიც, სავარაუდოდ, თვითმკვლელობისთვის გამოიყენა.