„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” (საია) წარმომადგენლის ვახუშტი მენაბდის განცხადებით, ორგანიზაცია საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით შექმნილ სამუშაო ჯგუფს სთავაზობს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით, სიებით ჩატარდეს, ოღონდ სიების წარდგენის უფლება არა მხოლოდ პარტიებს და ბლოკებს, არამედ მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფებსაც უნდა მიენიჭოთ.
„სამუშაო ჯგუფს ვთავაზობთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩავატაროთ სრულად პროპორციული სისტემით, სიებით, ოღონდ, სიების წარდგენის უფლება უნდა მივანიჭოთ არა მხოლოდ პარტიებს და ბლოკებს, არამედ მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფებსაც. ამით გადავლახავთ იმ კრიტიკას, რომელიც დღევანდელი პროპორციული სიების მიმართ არსებობს, სადაც წარდგენის უფლება მხოლოდ პარტიებს აქვთ”, – აცხადებს მენაბდე.
„მაჟორიტარული კომპონენტი უნდა დარჩეს”, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი აღნიშნულ ინიციატივას. მისივე თქმით, მთავარი შეთავაზება არის, რომ თანაფარდობა იზრდება პროპორციული ნაწილის სასარგებლოდ.
„ზოგადად, მიღებული პრაქტიკაა, რომ მაჟორიტარული ნაწილი აუცილებელია, რადგან ადგილობრივი თვითმმართველობა არ არის პარლამენტი და ცენტრალური დონე. ეს არის კომუნალურ საკითხებზე მომუშავე ორგანოები, რომლებსაც მნიშვნელოვანი ბმა უნდა ჰქონდეთ ცალკეულ რაიონებთან, თემებთან.
მთავარი შეთავაზება არის ის, რომ თანაფარდობა იზრდება პროპორციულის სასარგებლოდ. მაგალითად, თბილისში დღეს არის 25/25-ზე მოდელი, შეთავაზებით იქნება 10 მაჟორიტარული და 40 პროპორციული წესით არჩეული“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მსგავსი პოზიცია აქვს „მოქალაქეების” ერთ-ერთ ლიდერს ლევან იოსელიანსაც.
„თბილისში 4/1-თან მოდელი ნორმალურია, რადგან არ უნდა მოესპოთ ურბანულ ლიდერებსა და ადამიანებს, ვისაც მხარდაჭერა აქვთ კონკრეტულ უბანში, არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ და წარმატებას მიაღწიონ.
არ შეიძლება, რომელიმე პარტიას მიეკედლო, ან დააფუძნო პარტია იმისთვის, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო. დამოუკიდებელი კანდიდატების ჩახსნა ამ პროცესიდან სწორად არ მიმაჩნია. ამიტომ, თბილისში უნდა იყოს 40/10-ზე მოდელი“, – განაცხადა იოსელიანმა.
საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფი დღეს მესამედ შეიკრიბა.