პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ განცხადებით, პარტიის წევრებმა 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებისთვის, თბილისის მასშტაბით, ოპოზიციურ პარტიებთან ერთჯერადად თანამშრომლობის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს.
„გადაწყვეტილება მიღებული იქნა კენჭისყრაში მონაწილე წევრების ხმათა უმრავლესობით: მომხრე: 54.72% (232 ხმა) წინააღმდეგი: 45.28% (192 ხმა). კენჭისყრის პროცესი პარტიის წევრთა ფეისბუქ ჯგუფში დღეს 12.00 საათზე დაიწყო და 20.00 საათზე დასრულდა“, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
დღეს ცნობილი გახდა, რომ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია თბილისის მერობისთვის იბრძოლებს. მელია ოპოზიციის ნაწილმა მერობის საერთო კანდიდატად ოფიციალურად წარადგინა.
ნიკა მელიასთან ერთად, საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის მოძრაობა „დროას“ დამფუძნებელი ელენე ხოშტარია იბრძოლებს. თბილისის ვიცე-მერის კანდიდატურა კი პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლებიდან“ იქნება.
ჯერჯერობით უცნობია, რამდენი და რომელი პოლიტიკური პარტია უჭერს მხარს ოპოზიციის კანდიდატებს. თუმცა, მელიას თქმით, მისი გამარჯვების შემთხვევაში თბილისს კოალიციური მთავრობა ეყოლება. „ნაციონალური მოძრაობა“ კი თბილისის საარჩევნო ოლქებში თავის კანდიდატებს არ დააყენებს.
ხოლო „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრის ცოტნე კობერიძის თქმით, მათ მიიღეს დაპირება, რომ პარტია თბილისის სამ მაჟორიტარულ ოლქში მიიღებს ოპოზიციური კოალიციის მხარდაჭერას.