„ეს ავადმყოფობა იმითაა ვერაგი, რომ შესაძლოა ახალგაზრდას არ ავნოს, მაგრამ დააზიანოს მისი მშობელი. მე უკვე ვნახე ერთი ადამიანი, მე თვითონ ავუგე წესი. ამ მხრივ ძალიან დიდადაა დასაფიქრებელი, თუ რაში ვლინდება მოყვასის სიყვარული, მაგრამ მე პირადად ვურჩევ, არავინ ჩაერიოს ადამიანის პირად არჩევანში. არც წასვლა მიუთითოს, არც – არწასვლა”, – ამბობს დეკანოზი ალექსანდრე გალდავა TV პირველთან საუბარში.
მისი თქმით „ისინი (მრევლი) დამოუკიდებელი, ზრდასრული, ასაკოვანი ადამიანები არიან, მათ ცხოვრებაში გადაუწყვეტიათ რაღაცები, სარწმუნოებრივადაც თვითონ უნდა გადაწყვიტონ, აიღონ პასუხისმგებლობა”.
დეკანოზი ამბობს, რომ მისი ტაძრის ეზო ცოტა პატარაა, და იმაზე მეტი ხალხი მოდის, ვიდრე ეს რეკომენდაციებით დასაშვებია, „მაგრამ ტაძრის კარს ვერავის დავუკეტავთ”.
„არავის არ უნდა კანონის დარღვევა, მაგრამ არის კიდევ უფრო დიდი რამ, ვიდრე კანონია, ეს არის საღვთო სიყვარული”, – ამბობს ალექსანდრე გალდავა.
__________________
ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი მოქმედებს. თუმცა შეზღუდვებს არ ითვალისწინებს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი. ხოლო პოლიცია არ რეაგირებს. დღეს სამების საკათედრო ტაძარში არქიმანდრიტმა დემეტრემ წაიკითხა განრიგი, რომლის მიხედვითაც სააღდგომო ლიტანიობა აღდგომის წინა ღამეს, კომენდანტის საათის მოქმედების დროს იწყება. მღვდელმთავრები ასევე ამბობენ, რომ ხალხის მისვლის მოლოდინიც აქვთ.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელების თქმით, მათი რეკომენდაციები „ეხება ყველას, მათ შორის ეკლესიასაც”. ამ რეკომენდაციების მიხედვით ერთ სივრცეში (მათ შორის ეკლესიებში) ადამიანების შეკრება ვირუსის გავრცელების საფრთხეს შეიცავს.
საქართველოში კომენდანტის საათი 31 მარტიდან მოქმედებს. 21:00 საათიდან 06:00 საათამდე იკრძალება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით ქალაქებში და ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება. ამ პირობის დარღვევისთვის ამ დროისთვის ყოველდღიურად ასობით მოქალაქეს 3000 ლარით აჯარიმებენ.