რატომ არ უშვებენ „TV პირველის“ ჟურნალისტ ნატა ქაჯაიას პარლამენტში - პაპუაშვილის განმარტება

პუბლიკა

„ტელეკომპანია პირველის“ ინფორმაციით, მათ ჟურნალისტს, ნატა ქაჯაიას პარლამენტის შენობაში არ უშვებენ.

როდის მიეცემა ქაჯაიას პარლამენტში შესვლისა და ჟურნალისტური საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა, ამის შესახებ ტელეკომპანიის ჟურნალისტმა პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს ჰკითხა.

„რაც შეეხება პარლამენტის შენობაში ჟურნალისტების მუშაობას, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ამ საკითხის ორგანიზებას ახდენს, თქვენც, „TV პირველის“ ჟურნალისტი აქ იმყოფებით ყოველდღე. თუ არ ვცდები, 3 ჯგუფი არის ხოლმე „TV პირველიდან“ თუ სხვადასხვა ტელევიზიიდან… გუშინაც 3 ჯგუფი იყო ჟურნალისტების პარლამენტის შენობაში.

კონკრეტულად ამ ჟურნალისტს არაერთხელ განემარტა, რომ არღვევს ეთიკურ წესებს. ახლაც ეს კონკრეტული ჟურნალისტი ზის ჩემს სახლთან, სადარბაზოში, კერძო საკუთრებაში, სადაც ჩემი ოჯახია…

არსებობს რაღაც ზღვარი, ამას ჰქვია ჟუნალისტური ეთიკა და ამას აბიჯებს თქვენი ჟურნალისტი, ნატა ქაჯაია. ამ წუთშიც ამ ჟურნალისტური ზღვრის მიღმაა, პირად სივრცეშია შეჭრილი. კერძო საკუთრებაა, არის სადარბაზო, არ არის მართალია კერძო სახლი, მაგრამ იქ ცხოვრობს ხალხი. ჩემ გარდა, სხვებიც ცხოვრობენ და ის უშლის, რომ იყვნენ კომფორტულად“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე – შეუშვებენ თუ არა ქაჯაიას პარლამენტში – პაპუაშვილი პასუხობს, რომ ამას საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური გადაწყვეტს. მისი თქმით, მთავარია, ყველა მედიას ჰქონდეს საპარლამენტო ცხოვრების გაშუქების შესაძლებლობა, რაც „ტელეკომპანია პირველს“ აქვს.

ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მედია პროგრამის მენეჯერი, მამუკა ანდღულაძე „პუბლიკასთან“ განმარტავს, რომ არ შეიძლება, ჟურნალისტის მიმართ, მისი საქმიანობის გამო, გამოყენებულ იქნას ისეთი ბერკეტი, როგორიცაა, საკანონმდებლო ორგანოში შესვლის შეზღუდვა. ანდღულაძის თქმით, თუ პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ ნატა ქაჯაიამ ეთიკის სტანდარტი დაარღვია, მას შეუძლია, მიმართოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას.

მამუკა ანდღულაძის თქმით, ქვეყანაში მედიაგარემო არის მძიმე, ჟურნალისტებს ხშირად უარგუმენტოდ უზღუდავენ პარლამენტში შესვლას, ართმევენ მიკროფონს, თავს ესხმიან ან აბულინგებენ, ამ ფონზე კიდევ ერთი ჟურნალისტის პარლამენტში არშეშვება პრობლემურია.

„ქვეყანაში მედიაგარემო არის ზოგადად მძიმე, ჟურნალისტები ხშირად არიან თავდასხმის, ბულინგის მსხვერპლნი და ამ პოლარიზაციის ფონზე ყოვლად მიუღებელია, რომ ჟურალისტზე არ დაუშვეს საშვი. ხელისუფალმა მაქსიმალურად თავშეკავებულობა უნდა გამოიჩინოს და თუ ფიქრობს, რომ ეთიკის სტანდარტი დაირღვა, მიმართოს ეთიკის ქარტიას.

ჟურნალისტის მიერ წარმოებული პროდუქტი, თუნდაც კრიტიკული ან შეკითხვის დასმის პრაქტიკა, რომელიც რესპონდენტის გაკიდებას გულისხმობს, არ უნდა გახდეს იმის საფუძველი, რომ არ შეუშვან პარლამენტში, შესაბამისად, შეუზღუდონ საქმიანობა. მერე რა, რომ სხვა კოლეგებს აქვთ ამის უფლება. ის არის ცალკე ჟურნალისტი და მასაც აქვს ინდივიდუალური უფლება, განახორციელოს თავისი საქმიანობა“, – აცხადებს ანდღულაძე.


„ნოდარ მელაძის შაბათის“ რეპორტიორმა, ნატა ქაჯაიამ გასულ შაბათს, 12 მარტს მოამზადა რეპორტაჟი პარლამენტიდან.

რეპორტაჟი იხსნება კადრებით, რომელშიც ჩანს, რომ ნატა ქაჯაია შალვა პაპუაშვილისთვის შეკითხვის დასმას ცდილობს და მას პარლამენტის დერეფანში მიჰყვება, თუმცა ჟურნალისტს ამის საშუალებას პარლამენტის სპიკერის დაცვის თანამშრომლები და პრესსამსახურის წარმომადგენელი არ აძლევენ.