Twitter-მა და Facebook-მა დონალდ ტრამპის ანგარიშები დროებით დაბლოკა. როგორც Reuters წერს, კომპანიებმა ეს გადაწყვეტილება არჩევნების შედეგების შესახებ მოქმედი პრეზიდენტის უსაფუძვლო განცხადებებისა და დედაქალაქში მომხდარი არეულობების ფონზე მიიღეს.
ტრამპმა ოთხშაბათს, Twitter-ში დაწერა, რომ კაპიტოლიუმის შენობის შტურმი „ბუნებრივი რეაქცია“ იყო. პოსტებისა და ტვიტების გარდა, ტრამპმა გამოაქვეყნა ვიდეოც, რომელშიც ის დემონსტრანტებს მიმართავს და აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყო თაღლითური. Facebook-მა და Youtube-მა ეს ვიდეომიმართვა მათი პლატფორმების უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის წაშალეს.
Reuters-ის ცნობით, აღნიშნული განცხადებების გამოქვეყნების შემდეგ Twitter-მა მოქმედი პრეზიდენტის ანგარიში 12 საათით დაბლოკა.
„ჩვენ მოვითხოვეთ დონალდ ტრამპის სამი „ტვიტის“ წაშლა, რომელიც დღეს გამოქვეყნდა. ეს ნიშნავს, რომ დონალდ ტრამპის ანგარიში 12 საათის განმავლობაში დაბლოკილი იქნება. თუ აღნიშნული ტვიტები არ წაიშლება, ტრამპის ანგარიში დაბლოკილი დარჩება“, – განაცხადა Twitter-ის ადმინისტრაციამ.
მოგვიანებით კომპანია Facebook-მა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის ანგარიში 24 საათის განმავლობაში დაიბლოკებოდა.
ვაშინგტონში მასობრივი არეულობებისას ოთხი ადამიანი დაიღუპა – კაპიტოლიუმის შენობასთან ტრამპის მხარდამჭერები გუშინ, 6 იანვარს, შუადღისით შეიკრიბნენ. მალევე, ასობით მომიტინგემ კაპიტოლიუმის დასაცავად გაწყობილი ბარიერები გაარღვია. დემონსტრანტები პოლიციის ოფიცრებს გამიზნულად ეჯახებოდნენ. დაახლოებით ერთ საათში, პოლიციამ ოფიციალურად განაცხადა, რომ შენობაში დემონსტრანტები შეიჭრნენ და ამიტომ შენობის ევაკუაცია და დაკეტვა გახდა საჭირო.