ტყიბულის მერიის თანამშრომელი შვილების თვალწინ ცოლზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს. მას პროკურატურამ ბრალიც წარუდგინა და სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს.
უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიებით დადგინდა, რომ 15 იანვარს, საღამოს საათებში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, საცხოვრებელ სახლში, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ურთიერთშელაპარაკებისას, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მეუღლეზე ფიზიკურად იძალადა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს.
მას ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით).