ტყიბულის შახტში მეშახტე დაიღუპა

პუბლიკა

ტყიბულში, შახტში ერთი მეშახტე დაიღუპა – ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.

გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. რამ გამოიწვია მეშახტის დაღუპვა, უწყება ინფორმაციას არ აზუსტებს.

„საქნახშირში“ „პუბლიკას“ უთხრეს, რომ მიმდინარეობს მოკვლევა და მედიას ინფორმაციას მოგვიანებით მიაწვდიან.

მომხდარის შესახებ განცხადება გაავრცელეს ჭიათურელმა მაღაროელებმა. მათი თქმით, მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ყველა საწარმოში, განსაკუთრებით კი შახტებსა და მაღაროებში, შრომის უსაფრთხოების სტანდარტები მაქსიმალურად იყოს დაცული.

„სამწუხარო ამბავი გვაქვს — გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტყიბულში ერთ-ერთ შახტში მოხდა ტრაგიკული შემთხვევა, რის შედეგადაც, სამწუხაროდ, ერთი მშრომელი დაიღუპა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ამ ეტაპზე დეტალური ინფორმაცია არ გვაქვს.

ჭიათურელი მაღაროელების სახელით , ვუსამძიმრებთ დაღუპულის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

მეგობრებო, მშრომელებო, იმისთვის, რომ მსგავსი ფატალური შემთხვევები მომავალში აღარ განმეორდეს, აუცილებელია ყველა საწარმოში, განსაკუთრებით კი შახტებსა და მაღაროებში, შრომის უსაფრთხოების სტანდარტები იყოს მაქსიმალურად დაცული. ასევე საჭიროა, რომ შესაბამისმა უწყებებმა რეგულარულად და ეფექტურად განახორციელონ კონტროლი“, – ნათქვამია განცხადებაში.