ტყიბულში მეშახტეები სამუშაო პროცესს ხვალიდან დაუბრუნდებიან, – ამის შესახებ „პუბლიკას“ ტყიბულის მეშახტეთა პირველადი პროფკავშირის თავმჯდომარემ, გაგა ისაკაძემ განუცხადა.
რაც შეეხება მინდელის შახტში არსებულ უსაფრთხოების ნორმებს, კომპანია „საქნახშირის“ ცნობით, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ შეადგინა ოქმი, რომლის მიხედვითაც, მინდელის სახელობის შახტში ამწე დანადგარის გამოყენება არ იკრძალება. არსებული ხარვეზები კი უნდა გამოსწორდეს სამუშაო რეჟიმის პარალელურად, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში.
პროფკავშირის წარმომადგენლი ამბობს, რომ ოქმში არსებულ საკითხებთან დაკავშირებით კონკრეტულად ვერ ისაუბრებს.
„ძალიან ბევრი რაღაცა არის ჩამოწერილი იქ, რაც აღმოსაფხვრელია, მაგრამ უწერიათ არსებითი, რაც ნიშნავს, რომ მუშა პროცესში შეიძლება ამ ყველაფრის აღმოფხვრა…
ჩამოვიდნენ, შეამოწმეს დამხმარე ჭაური, ე.წ. კლეტი. უამრავი დარღვევა არის, მაგალითად ის, რომ დამბჯენები არ არის წესრიგში… ყველას ჩამოთვლა არ შემიძლია ახლა. შეიძლება მათი აღმოფხვრა მუშა პროცესში. აქვს მიცემული გონივრული ვადები, არის 10-დღიანი ვადა, ერთწლიანი ვადები, უნდა გამოსწორდეს ამ ვადებში. ამის შემდეგ, როგორც ჩანს, ისევ აპირებენ ჩამოსვლას და გადაამოწმებენ, არის თუ არა გამოსწორებული”, – ამბობს „პუბლიკასთან” საუბარში გაგა ისაკაძე.
რაც შეეხება ხელფასის ზრდასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს, როგორც ისაკაძე ამბობს, კომპანიასთან შეთანხმდნენ, რომ სექტემბრიდან გაიზრდება ხელფასები, ბონუსური სისტემით.
„ჩვენ შევთანხმდით, რომ 27 აგვისტოს დავსხდებით, მემორანდუმი შეიქმნება და თითოეული დასაქმებული გაეცნობა და მოაწერს ხელს მას. სექტემბრიდან უკვე ხელფასი გაიზრდება, ოღონდ, ბონუსის სისტემით. ფიქსირებულ ხელფასს რომ რაღაცა მოემატოს – არა. ბონუსური სისტემა დაინერგება და, დაახლოებით, 10%-დან 25%-მდე იქნება“, – ამბობს ისაკაძე.
რაც შეეხება პანდემიის პერიოდში მთავრობის ინიციატივით გამოთავისუფლებული საშემოსავლო გადასახადის მიღებას, ისაკაძის ცნობით, ვინაიდან კომპანიასთან ხელფასთან დაკავშირებით შეთანხმდნენ, საშემოსავლოს მიღების საკითხი მოლაპარაკებისას დღის წესრიგში აღარ დადგა.
ისაკაძე ამბობს, რომ ხვალ დილიდან ჩვეულებრივად გაგრძელდება სამუშაო პროცესი, პლუს დაიწყება მოლაპარაკებები ამ გაცდენილი დღეების ანაზღაურებასთან დაკავშირებით.
როგორც აღვნიშნეთ, კომპანია „საქნახშირშის“ ცნობით, მინდელის სახელობის შახტზე, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს სპეციალურმა კომისიამ დამხმარე ჭაურის ამწე დანადგარზე არაგეგმური ტექნიკური ინსპექტირების სამუშაოები დაასრულა. კომპანია აღნიშნავს, რომ კომისიამ შეადგინა ოქმი, რომლის მიხედვითაც, მინდელის სახელობის შახტის ამწე დანადგარის გამოყენება არ იკრძალება. არსებული ხარვეზები კი უნდა გამოსწორდეს სამუშაო რეჟიმის პარალელურად, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში.
მინდელის სახელობის შატხში 9 ივნისს გაიჭედა ე.წ. კლეტი – ერთგვარი ლიფტი, რითაც მეშახტეები შახტში ჩადიან – და რამდენიმე საათის განმავლობაში ისინი შახტში იყვნენ გაჭედილები.
უსაფრთხოების ნორმების მოგვარების მოთხოვნით რამდენიმე ასეული მეშახტე პროტესტის ნიშნად შახტში ჩასვლაზე უარს ამბობდა.
„მიზეზი პროტესტის არის ის, რომ ამ ადამიანებმა სიკვდილს ჩახედეს თვალებში. სამუშაო პროცესი არ განახლებულა. მეშახტეები უარს აცხადებენ სამუშაოზე გასვლაზე, სანამ უსაფრთხოების ნორმები არ იქნება დაცული და ბოლომდე არ გარემონტდება ისე, რომ მსგავი შემთხვევები აღარ მოხდეს. ამ პროტესტს უერთდება მეშახტეების 99%. დღეს არც ერთი მეშახტე არ იძლევა თანხმობას შახტში ჩასვლაზე, გარდა უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებისა, რომლებიც იქ უნდა იყვნენ იმისათვის, რომ არ მოხდეს შახტის ლიკვიდაცია”, – ამბობდა „პუბლიკასთან“ რუსლან ბუცხრიკიძე.