ტყიბულში მეშახტემ პროტესტის ნიშნად დირექტორის კაბინეტში თვითდაზიანება მიიყენა

პუბლიკა

ტყიბულში მეშახტემ დირექტორის კაბინეტში თვითდაზიანება მიიყენა. ინფორმაცია „პუბლიკას“ საქნახშირის პრესსამსახურში დაუდასტურეს.

„მისი პროტესტი მოჰყვა იმას, რომ, ასაკიდან გამომდინარე, უნდა წარმოედგინა ჯანმრთელობის ცნობა (კომიისიის დასკვნა). მან წარმოადგინა კომისიის დასკვნა, რომელშიც ეწერა, რომ აქვს ქრონიკული ბრონქიტი, ანუ ჯანმრთელობის მდგომარეობა არ უწყობს ხელს, რომ ჩავიდეს შახტში… ჩვენ მას შევთავაზეთ, შახტში აღარ ჩასულიყო და მიწისზედა კომპლექსზე ემუშავა. უბრალოდ, პოზიციის შეცვლა შევთავაზეთ, რაც, გარკვეულწილად, ხელფასის შემცირებასთან იყო  დაკავშირებული, თუმცა, მიუხედავად ამისა, მაინც შევთანხმდით“, – ამბობს საქნახშირის პრესსამსახურის წარმომადგენელი.

მისი ინფორმაციით, მეშახტეს ამ შეთანხმებაზე ხელიც აქვს მოწერილი.

„მეორე დღეს, გამოცხადდა დირექტორის კაბინეტში და გააკეთა ის, რაც გააკეთა. უბრალოდ, კიდევ კარგი, ეს არის უბრალო ნაკაწრი და მეშახტეს მაშინვე აღმოვუჩინეთ დახმარება. მის ჯანმრთელობას საფრთხე არც მაშინ და არც ახლა არ ემუქრება.“ – აღნიშნავს საქნახშირის პრესსამსახურის წარმომადგენელი.

ტყიბულის რაიონულ საავადმყოფოში „პუბლიკას“ განუცხადეს, რომ დღეს ჰყავდათ პაციენტი, რომელსაც ჰქონდა ცივი იარაღით მიყენებული დაზიანებები. მათი ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო და ის უკვე გაწერილია საავადმყოფოდან.