ტყიბულში ნახშირის ღია კარიერული წესით მოპოვებისას დაშავებული მეორე მუშაც გარდაიცვალა

პუბლიკა

ტყიბულში მიწის მასის ქვეშ მოყოლილი 65 წლის კაცი, რომელიც ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში იყო მოთავსებული, გარდაიცვალა.

„პირველი არხის“ ცნობით, როგორც ექიმები ამბობენ, მდგომარეობა კრიტიკული იყო და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ის ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში, რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული. მამაკაცს გულ-მკერდისა და ფილტვების დაჟეჟილობა ჰქონდა.

27 ნოემბერს დაიღუპა კიდევ ერთი მუშა, რომელიც მიწის ქვეშ მოჰყვა.

პროფკავშირის გაერთიანების ცნობით, შემთხვევა ტყიბულში კუსტარულად მოწყობილ ერთ-ერთ კერძო შახტაში მოხდა, რა დროსაც ქვანახშირის ფენა ჩამოიშალა და ორი მეშახტე მოიყოლა.

მათივე ცნობით, ტყიბულში არსებულ კუსტარულ შახტებს მადნის მოპოვება შრომის ინსპექციის მიერ ჰქონდათ აკრძალული, რადგან ისინი საერთოდ ვერ პასუხობდნენ შრომის უსაფრთხოების სტანდარტის მინიმალურ მოთხოვნებსაც კი.

როგორც „პუბლიკას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ითვალისწინებს.