ტყიბულში, რესტორანში მომხდარ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულ 4 პირს 4000-4000-ლარიანი გირაო შეეფარდა

პუბლიკა

19 იანვარს ტყიბულში, ერთ-ერთ რესტორანში მომხდარ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულ 4 პირს, რომელთაგან 2 შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელია, 4000-4000-ლარიანი გირაო შეეფარდა, – ამის შესახებ „პუბლიკას“ ბრალდებულთა ადვოკატმა დაუდასტურა. მისივე თქმით, პროკურატურა 5000-ლარიან გირაოს მოითხოვდა.

სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად რეგიონულმა მედიამ, „ინფო იმერეთმა“ გაავრცელა.

პროკურატურამ 21 იანვარს განაცხადა, რომ გამოძიება დაიწყეს ტყიბულში ერთ-ერთ რესტორანში მომხდარ ჯგუფური ძალადობის საქმეზე, რა დროსაც საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების თანამშრომლებმა მათ თანმხლებ ორ პირთან ერთად განახორციელეს ჯგუფური ძალადობა და ურთიერთშელაპარაკებისას, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ამავე რესტორანში მყოფ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ორ თანამშრომელსა და მათ თანმხლებ პირს.

თვითმხილველის თქმით, ტყიბულის რესტორანში ჩხუბი შუფუტინსკის „უტკის“ გამო დაიწყო. ამის შესახებ მან „TV პირველს“ განუცხადა.