ტყიბულში რესტორანში მომხდარ ჯგუფურ ძალადობაზე პროკურატურამ 4 პირს ბრალი წარუდგინა

პუბლიკა

ტყიბულში რესტორანში მომხდარი ჯგუფური ძალადობის ფაქტზე პროკურატურამ 4 პირს ბრალი წარუდგინა, მათგან ორი შსს-სა და თავდაცვის სამინიტროს თანამშრომელია.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის ინფორმაციით, 19 იანვარს, ტყიბულის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა და მათმა თანმხლებმა ორმა პირმა ჯგუფურად იძალადეს და ურთიერთშელაპარაკებისას, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ამავე რესტორანში მყოფ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ორ თანამშრომელს და მათ თანმხლებ პირს.

დღეს, ტელეკომპანია “პირველმა” გაავრცელა ინციდენტის შემსწრე თვითმხილველის კომენტარი, სადაც მოქალაქე ჰყვება, რომ ტყიბულის რესტორანში პოლიციელებს შორის ჩხუბი შუფუტინსკის „უტკის“ გამო დაიწყო.