ტყიბულში ვითარების შესასწავლად სპეციალისტთა ჯგუფი გაემგზავრა - ზედამხედველობის სააგენტო

პუბლიკა

ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს სპეციალისტთა ჯგუფი გაემგზავრა ტყიბულში ადგილზე ვითარების შესასწავლად, – ამის შესახებ „პუბლიკას” ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოში განუცხადეს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ავარიის მიზეზებთან დაკავშირებით მომზადდება დასკვნა და გატარდება შესაბამისი ზომები.

„ტყიბულში მინდელის სახელობის შახტაში მომხდარი ტექნიკური ინციდენტის შედეგად, რომელიც შახტის ერთ-ერთი ლიფტის ავარიულ გამორთვას უკავშირდება, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელობის დავალებით ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს სპეციალისტთა ჯგუფი გაემგზავრა ტყიბულში ადგილზე ვითარების შესასწავლად.

სააგენტოს სპეციალისტები უახლოესი დღეების განმავლობაში შეისწავლიან ავარიის წარმოშობის მიზეზებსა და გარემოებებს, რომლის შედეგადაც მომზადდება დასკვნა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები იქნება გატარებული”, – აცხადებენ სააგენტოში.

მეშახტეების მოთხოვნების შესახებ „პუბლიკა” ასევე ცდილობს, დაუკავშირდეს კომპანიის წარმომადგენელს.


ტყიბულში დაახლოებით 1000-მდე მეშახტე პროტესტის ნიშნად შახტში ჩასვლაზე უარს ამბობს.

როგორც „პუბლიკასთან“ საუბრისას მეშახტე რუსლან ბუცხრიკიძე ამბობს, მინდელის სახელობის შატხში 2 დღის წინ გაიჭედა ე.წ. კლეტი – ერთგვარი ლიფტი, რითაც მეშახტეები შახტში ჩადიან – და რამდენიმე საათის განმავლობაში 22 მეშახტე შახტში იყო გაჭედილი, სანამ შესაბამისი სამსახურების დახმარებით არ ამოიყვანეს.

ბუცხრიკიძე ამბობს, რომ უსაფრთხოების ნორმების მოგვარებამდე მეშახტეები მუშაობის გაგრძელებაზე უარს ამბობენ.

„მიზეზი პროტესტის არის ის, რომ ამ ადამიანებმა სიკვდილს ჩახედეს თვალებში. სამუშაო პროცესი არ განახლებულა. მეშახტეები უარს აცხადებენ სამუშაოზე გასვლაზე, სანამ უსაფრთხოების ნორმები არ იქნება დაცული და სანამ ბოლომდე არ გარემონტდება ისე, რომ მსგავს შემთხვევებს ისევ არ ჰქონდეს ადგილი. ამ პროტესტს უერთდება მეშახტეების 99%. დღეს არც ერთი მეშახტე არ იძლევა თანხმობას შახტში ჩასვლაზე, გარდა უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებისა, რომლებიც იქ უნდა იყვნენ იმისათვის, რომ არ მოხდეს შახტის ლიკვიდაცია”, – ამბობს ბუცხრიკიძე.