ტყუილად ნუ ინერვიულებთ! 5 წელი მაინც დაგვჭირდება ავიასატრანზიტო ქვეყნად ქცევისთვის - Georgian Airways

პუბლიკა

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ განცხადებას ავრცელებს „საქართველოს გავლით სხვადასხვა ქვეყნების მიმართულებით სატრანზიტო ფრენებთან დაკავშირებით“ გაჩენილი კითხვების შესახებ.

კომპანიის განცხადებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ვერ პასუხობს საერთაშორისო ჰაბისთვის აუცილებელ სტანდარტებს, შესაბამისად, საერთაშორისო ჰაბის თემაზე საუბარიც კი ზედმეტია.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მსოფლიო საავიაციო სფერო ციფრულ რეჟიმზე არის გადასული და მგზავრებს უფლება და შესაძლებლობა აქვთ ნებისმიერი ლოკაციიდან შეიძინონ ბილეთები და გაფრინდენენ სასურველი მიმართულებით.

„ჩნდება შეკითხვა, რა მიზანს ემსახურება მედიასივრცეში დღეს აქტიურად განხილული სატრანზიტო ფრენების საკითხი? არაფერს, გარდა იმისა, რომ იხმაურონ. შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციაში, რუსეთის მოქალაქეების გარდა უამრავი სხვა ქვეყნის მოქალაქეც ცხოვრობს ან აწარმოებს საქმიანობას, მრავალ ადამიანს ორმაგი მოქალაქის სტატუსი ან ბინადრობის უფლება გააჩნია. ცხოვრობენ დიპლომატები. დასავლეთის სახელმწიფოებს, თუ მხედველობაში არ მივიღებთ მცირეოდენ შეზღუდვებს, რუსეთის მოქალაქეებისთვის არ შეუწყვეტიათ ვიზების გაცემა. რუსეთის მიმართულებით და რუსეთიდან, აგრეთვე, გადადგილდებიან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და აშშ-ის მოქალაქეებიც. შესაბამისად, საუბარი, რომ რუსეთიდან მხოლოდ რუსეთის მოქალაქეები გამოიყენებენ საქართველოს, როგორც სატრანზიტო ლოკაციას, არ არის სწორი“, – აცხადებს „ჯორჯიან ეარვეისი“.

​კომპანია აცხადებს, რომ აქამდე რუსეთიდან გამოფრენილი მგზავრებისთვის საქართველო სატრანზიტო ფანჯარა არ იყო, თუმცა ამ როლს დიდი ხანია უწყვეტად ასრულებდნენ ისეთი სახელმწიფოები, როგორებიც არიან თურქეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები, ისრაელი, შუა აზიის სახელმწიფოები და ა.შ.

„ნამდვილი სატრანზიტო ჰაბი რეგიონში არის თურქეთი, ნატოს წევრი ქვეყანა, საიდანაც რუსეთის მიმართულებაზე ყოველდღიურად ორმოცი რეისი სრულდება და, რომელზეც სატრანზიტო გადაზიდვების 70 პროცენტი მოდის. ისიც არ დაგავიწყდეთ, რომ საქართველოს მრავალი მოქალაქე დაფრინავს სტამბოლის გავლით ევროპისა და ამერიკის სახელმწიფოებში. თბილისიდან სტამბოლში ყოველდღიურად ექვსი რეისი სრულდება“, – აცხადებს ავიაკომპანია.

„ჯორჯიან ეარვეისი“ აღნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყანა სატრანზიტო გადაზიდვებში დიდ როლს ვერ ითამაშებს.

„საქართველოს ცულ ცოტა ხუთი წელიწადი მაინც დასჭირდება, რომ ავიასატრანზიტო სახელმწიფოდ იქცეს, ისიც იმ შემთხვევაში თუ მოგვეცემა ამისი საშუალება. ასე, რომ ტყუილად და უსაფუძვლოდ ნუ ინერვიულებთ! რაც შეხება სანქციებს, იგი მხოლოდ ჩვენზე ვერ გავრცელდება. ჯერ თურქეთს, გაერთიანებულ საამიროს, ისრაელს, ცენტრალური აზიის სახელმწიფოებს უნდა დაედოთ და მხოლოდ შემდეგ მოაღწევს ჩვენამდე. ​ჩვენი მხრიდან კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ, როგორც აქამდე, ვიქნებით საქართველოს ინტერესების დამცველი კომპანია და შევასრულებთ ფრენებს საქართველოსა და საერთაშორისო რეგულაციების სრული დაცვით“, – აცხადებს ავიაკომპანია.


რუსული გამოცემა RTVI-ის ცნობით, Georgian Airways რუსეთის მოქალაქეებისთვის თბილისიდან ევროპაში ტრანზიტულ რეისებს შეასრულებს. გამოცემა ამ ინფორმაციას თამაზ გაიაშვილზე დაყრდნობით წერს.

გაიაშვილის თქმით, გეგმაშია მილანი, პარიზი, ვენა, ლარნაკა, სალონიკი.

„დავიწყებთ 15 ივნისიდან. ვნახოთ, როგორ წავა ეს საქმე. მაგრამ ვფიქრობთ, საკმარისი მოთხოვნა იქნება ამ მარშრუტებზე. თბილისიდან იქნება უფრო კომფორტული და სწრაფი, ვიდრე სხვა მიმართულებებზე […] ჩვენ შევინარჩუნებთ საჰაერო კომუნიკაციას რუსეთთან. საქართველოს მთავრობა ძალიან თბილად მიესალმა ამ გადაწყვეტილებას. ღმერთმა ქნას, რომ ის აღარასოდეს შეწყდეს“, – უთხრა გაიაშვილმა RTVI-ს.

15 მაისს ძალაში შევიდა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განკარგულება, რომლის თანახმადაც, სავიზო რეჟიმი გაუქმდა, ასევე, რუსეთმა მოხსნა საქართველოსთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე აკრძალვა.

20 მაისს, Georgian Airways-მა მოსკოვის მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა.