„ტყუილი და აბსურდი“ - რას პასუხობს შს მინისტრის მოადგილე თანამშრომლის განცხადებას ზეწოლაზე

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშღომლის განცხადებას მასზე ზეწოლის შესახებ ტელეკომპანია „ფორმულასთან“ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე პასუხობს.

„გოგა რაზმაძის განცხადება არის სრული ტყუილი და აბსურდი, არანაირ მტკიცებულებას და სამართლებრივ საფუძლებს არ ეფუძნება. ადამიანის უფლებათა დეპარტამენტი ხუთი წელია რაც შეიქმნა შსს-ს სისტემაში და ჩვენ მივიღეთ არაერთი რეკომენდაცია საერთაშორისო ორგანიზაციებისგან, რომ უნდა ვიმუშაოთ ამ დეპარტამენტის გაძლიერების მიმართულებით. იმისათვის რომ შეგვეფასებინა არსებულიყო მდგომარეობა, რა იყო დეპარტამენტში, სად არის სუსტი და ძლიერი მხარეები, ვთხოვეთ აუდიტის დეპარტამენტს, რომ შეესწავლა ფუნქციური დატვირთვა. მხოლოდ გოგა რაზმაძე აღმოჩნდა ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ეს პროცესი დისკომფორტს უქმნის”, – თქვა მან.


შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, გოგა რაზმაძე სამინისტროში არსებულ პრობლემებსა და ღირსების შემლახველ დამოკიდებულებაზე საუბრობს. ამის შესახებ მან ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა Facebook-ზე.

გოგა რაზმაძე ამბობს, რომ შსს-ს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტში მუშაობს და ამ დეპარტამენტში ყველაფერი შეიცვალა მას შემდეგ, რაც კურატორად მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე დაინიშნა.

ის ასევე წერს, რომ, როდესაც მან თავისი მოსაზრებები დეპარტამენტში არსებულ პრობლემებზე ელექტრონული ფოსტის საშუალებით გაუგზავნა მინისტრის მოადგილესა და დეპარტამენტის მენეჯმენტს, 11 ივლისს შსს-ს გენერალურ ინსპექციაში დაიბარეს.

გოგა რაზმაძე ჰყვება, რომ მას სამი საათის განმავლობაში დამამცირებელ და შეურაცხმყოფელ პირობებში „საქმეს ურჩევდა“  შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე, დავით მინდიაშვილი.