ტყუილი და დეზინფორმაციაა, რომ მოქალაქეობის შესახებ კანონში ცვლილებებს ვგეგმავთ - პაპუაშვილი

პუბლიკა

ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს „ქართული ოცნება“ გეგმავს, პარლამენტში შეიტანოს ახალი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საქართველოს მოქალაქეობის მიღებას გაამარტივებს, გარკვეული ქონების შეძენასთან ერთად, პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ არის ტყუილი.

„გახლავთ ტიპური დეზინფორმაცია, რაც გახლავთ ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი ნაწილი. არ გვაქვს ახლა ცხელი ომი, მაგრამ ვხედავთ, რომ საქართველოს წინააღმდეგ არის ჰიბრიდული ომი. ეს არის სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობის შემცირებისკენ მიმართული დეზინფორმაციული კამპანიები. ერთ-ერთია, მათ შორის, ეს ინფორმაცია.

ჩვენ ვნახეთ, აქამდე იყო თითქოს რუსული სკოლებისა თუ სექტორების თუ ა.შ. თითქოს პარლამენტი რაღაც კანონს განიხილავდა – აბსოლუტური ტყუილი და დეზინფორმაცია. მეორე, ვნახეთ ინფორმაცია, თითქოს მოქალაქეობის შესახებ კანონში რაღაც ცვლილებები განიხილება, ეს არის ტყუილი და დეზინფორმაცია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის სპიკერის განცხადებით, უნდა დაისვას შეკითხვა, ვინ და რატომ ავრცელებს დეზინფორმაციას, რომლის მიზანია სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაცია. მისივე თქმით, ამ შეკითხვაზე პასუხი მარტივია.


„ფორმულას“ ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ გეგმავს, უახლოეს დღეებში პარლამენტში შეიტანოს ახალი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საქართველოს მოქალაქეობის მიღებას გაამარტივებს, გარკვეული მასშტაბისა და ღირებულების ქონების შეძენასთან ერთად. ტელეკომპანიამ დაწერა, რომ დეტალებს არკვევს და მოგვიანებით გაავრცელებს.