საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აბსურდულსა და ტყუილს უწოდებს მისი მისამართით სოსო გოგაშვილის მიერ გავრცელებულ ბრალდებებს.
გომელაურის კომენტარს „პირველი არხი“ ავრცელებს.
„ამბობს, ყველაფერს გამოვდებო, მე ველოდები, გამოვიტან რაღაც ჩანაწერებსო, ძალიან ველოდებით. არანაირი პრობლემა არ იქნება, მეცინება უბრალოდ. თავად სოსო გოგაშვილზე გული მწყდება. რომ გავიცანი 2013 წელი იყო, წამოვიყვანე მე პირადად, ის იყო რიგით თანამდებობაზე, აღარ მახსოვს განყოფილების უფროსის მოადგილე თუ ქვეგანყოფილების უფროსის მოადგილე გენინსპექციაში. მე მაშინ მოადგილე ვიყავი, ბატონი ირაკლი იყო ღარიბაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრი. ვთხოვე, ჩემს საკურატოროში გადმოვიყვანე, დავაწინაურე და ასე ეტაპობრივად. ბოლოს გახდა ჩემი პირველი მოადგილე.
თითქმის სამი წელი იყო ჩემი მოადგილე, ის იყო ჩემი ოჯახის ახლობელიც, დავახლოვდით ოჯახებით. ახლა რასაც აცხადებს, სამწუხაროა. თურმე სამი წელი იდგა და აგროვებდა ჩემზე და ჩვენს გუნდზე კომპრომატებს, თურმე გომელაური ციხეში უნდა იჯდეს. თუ არ ვცდები, 2018-ში გათავისუფლდა თანამდებობიდან, რატომ მოხდა ეს თვითონ ყველაზე კარგად იცის, თუმცა ახლა ამას არ ვიტყვი. არაერთხელ დამიცვია ის გუნდისგან“, – განაცხადა გომელაურმა.
17 აგვისტოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, პატიმრობაში მყოფმა სოსო გოგაშვილმა წერილი გამოაქვეყნა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურთან საუბრის დეტალები აღწერა.
გოგაშვილის განცხადებით, ვახტანგ გომელაურსა და მას შორის ხმამაღალი და დაძაბული საუბარი შედგა, რა დროსაც შს მინისტრმა ბიძინა ივანიშვილის დანაბარები გადასცა, რომ თუ არ გაჩუმდებოდა და რასაც ეტყოდნენ, იმას არ გააკეთებდა მას გაანადგურებდნენ და „ოჯახს ამოუწყვეტდნენ“.