ინფორმაცია, თითქოს ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია ხვალ, 31 მარტს, ზუგდიდში პარტიის პრეზენტაციას გამართავს, ტყუილია, – ამის შესახებ „პუბლიკას“ სოფო მდინარაძემ განუცხადა. მდინარაძე მთავრობის ადმინისტრაციაში სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ მუშაობდა. მან თანამდებობა გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ დატოვა.
„ტყუილია ეს ინფორმაცია. ფეიკია ის გვერდი, რომელმაც ეს ინფორმაცია გაავრცელა. ის ხვალ არც სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით აპირებს საუბარს”, – ამბობს მდინარაძე.
„არსად წასვლას არ ვაპირებ და მეტიც, არც პოლიტიკიდან არ წავალ“, – ასეთი იყო სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით გიორგი გახარიას პირველი კომენტარი.
„რაც შეეხება მომავალს, პირველ რიგში მინდა გითხრათ – მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ათასი ჭორი დადიოდა, არსად წასვლას არ ვაპირებ და მეტიც არც პოლიტიკიდან არ წავალ. რეალურად, გეგმებს მივყვებით, ჩვენს დღის წესრიგს, რაც მოგვცემს იმის შესაძლებლობას და საშუალებას, რომ უახლოეს პერიოდში ყველაფერი დეტალურად გაგიზიაროთ და მოგიყვეთ. ეს არის დღეს, რისი თქმაც მინდოდა“, – განაცხადა გახარიამ.