„ევროსკოპის“ შეკითხვის პასუხად, ითხოვს თუ არა, ევროკავშირი საქართველოსგან ერთნაირსქესიანთა დაქორწინების დაკანონებას, ევროკომისიის პრესსპიკერი, მარკუს ლამერტი აცხადებს, რომ:
„რაც შეეხება ბრალდებებს, თითქოს ევროკაშირი საქართველოს დასჯას ცდილობს ოჯახური ღირებულებების კანონის გამო, ეს უბრალოდ ტყუილია. ევროკაშირი საქართველოს სუვერენიტეტის მტკიცე მხარდამჭერია და მხარს უჭერს მის კულტურასა და იდენტობას. ევროკავშირი-საქართველოს პარნტიორობის ფარგლებში ადამიანის უფლებების დაცვას, ხელშეწყობას და შესრულებას – ამ ღირებულებებს ორივე მხარე უნდა იზიარებდეს. ამ კონტექსტში ევროკავშირი მხარს უჭერს დემოკრატიულ რეფორმებს და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას.”
ევროკავშირმა საქართველოს ხელისუფლებას 31 აგვისტომდე მისცა ვადა, შეესრულებინა რეკომენდაციები, რომელთა აგვისტოს ბოლომდე შეუსრულებლობა დღის წესრიგში უვიზო რეჟიმის შეჩერებას დააყენებს.
წერილი 8 რეკომენდაციას მოიცავს, მათ შორის: მოთხოვნილია, დაცული იყოს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, პირადი ცხოვრების დაცულობის უფლება, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება და დისკრიმინაციის აკრძალვა.
ასევე, მოთხოვნილია ნებისმიერი იმ კანონმდებლობის გაუქმება, რომელიც ზღუდავს ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს, არღვევს დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპს და ეწინააღმდეგება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს. კერძოდ, წერილში აღნიშნულია პირველი რუსული კანონი და ჰომოფობიური კანონი.
„ქართული ოცნება“ ევროკავშირის მოთხოვნას პროპაგანდით უპირისპირდება და ამბობს, რომ ღირებულებებს ვიზალიბერალიზაციის სანაცვლოდ არ დათმობს.