ტყუილმა საზოგადოება რომ არ მოწამლოს, დროულად უნდა იყოს მხილებული - ბრეგაძე

პუბლიკა

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ევროკავშირში წევრობასთან დაკავშირებით Facebook-ზე მოსაზრებას ავრცელებს.

„პროპაგანდისტული ლოზუნგების მომაბეზრებელი ურითმო და დამღლელი ჟღერადობის საპასუხოდ არ იქნება ურიგო, დაისვას კითხვები, რომლებზე პასუხიც ადამიანებს მისცემს შესაძლებლობას, მარტივად გაარკვიონ, თუ ვინ რა გააკეთა ქვეყნის ევროპული კურსისთვის”, – წერს იუსტიციის მინისტრი.

ის წერს, რომ ევროპისკენ გადადგმული ნაბიჯების კუთხით აშკარა უპირატესობა „ქართული ოცნების“ მხარესაა. ასევე, მინისტრი აღნიშნავს, რომ გამოწვევები არსებობს და მუშაობის შედეგად დაიძლევა.

„ნაციონალურ მოძრაობაში” რეინკარნირებული საბჭოთა ბოლშევიკები კი ჟან-მონეობას,რობერტ შუმანობას და საერთოდ პანევროპული მოძრაობის დაარსებასაც კი იბრალებენ. ეს არის პროპაგანდა, რომელიც მხოლოდ არაკეთილმოსურნეს აძლევს ხელს. ტყუილმა საზოგადოება რომ არ მოწამლოს, დროულად უნდა იყოს მხილებული. საბჭოთა პროპაგანდას გასაქანი აღარ აქვს. ჩვენი მომავალი ევროპაშია“, – წერს რატი ბრეგაძე.


გუშინ, 20 ივნისს, მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზებით რუსთაველის გამზირზე ფართომასშტაბიანი აქცია გაიმართა – „შინ, ევროპისკენ”.

აქციის ორგანიზატორებმა მომდევნო აქცია 24 ივნისს დააანონსეს, სადაც მათი თქმით, საზოგადოების წინაშე წარდგება ახალი მოძრაობა. ახალი მოძრაობა, რომელსაც „სირცხვილიას“ თქმით, სათავეში ჩაუდგება ხალხი, წამოაყენებს მოთხოვნებს. მოთხოვნების შეუსრულებლობა კი სახალხო დაუმორჩილებლობას განაპირობებს.


17 ივნისს ევროკომისიამ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს შესახებ თავისი მოსაზრებები წარმოადგინა. ევროკომისია რეკომენდაციას უწევს უკრაინასა და მოლდოვას, რომ თანდართული პირობებით კანდიდატის სტატუსი მიიღონ.

საქართველოს შემთხვევაში კი, ევროკომისია მხარს უჭერს ქვეყნისთვის ევროპული მომავლის დადასტურებას და მოგვიანებით კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, თუკი ის ევროკომისიის მიერ გაწერილ რეკომენდაციებს გაითვალისწინებს.