უაღრესად მნიშვნელოვანი ვიზიტი, ასევე ძალზედ მნიშვნელოვან დროს - გახარიამ პომპეოს ვიზიტი შეაფასა

პუბლიკა

საქართველოს  პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ამერიკის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტი შეაფასა.

პრემიერის თქმით, ისინი შეთანხმდნენ, რომ კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს ქვეყნებს შორის საერთო ფასეულობებზე დამყარებული სტრატეგიული პარტნიორობა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო მდივანმა ამერიკის ხალხისა და მთავრობის სახელით საქართველოს ხალხს დაუდასტურა  ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ევროატლანტიკური განვითარებისა და სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების ურყევი მხარდაჭისა.

„მოგეხსენებათ, გუშინ დასრულდა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი საქართველოში. უაღრესად მნიშვნელოვანი ვიზიტი, ამასთანავე ძალზედ მნიშვნელოვან დროს.

ძირითადი თემები, რომლებიც განვიხილეთ, პირველ რიგში ეს გახლავთ ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავება, რეგიონული უსაფრთხოების საკითხი და აშშ-საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობა ამ რეგიონული პროცესების ჭრილში, და რა თქმა უნდა, საქართველოს როლი რეგიონში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ყველაზე მთავარი გახლავთ ის, რომ სახელმწიფო მდივანმა ამერიკის ხალხისა და მთავრობის სახელით საქართველოს ხალხს დაუდასტურა ურყევი მხარდაჭერა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური განვითარების და რაც მთავარია სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების.

რა თქმა უნდა, ხაზი გაესვა საქართველოსთვის სტაბილური განვითარების მნიშვნელობას, დემოკრატიზაციის პროცესებისა და ასევე ინსტიტუტების გაძლიერებას.

ეს იყო უაღრესად მნიშვნელოვანი ვიზიტი, რომლის დროსაც, კიდევ ერთხელ გამოჩნდა სტრატეგიული პარტნიორისთვის საქართველოს მნიშვნელობა, საქართველოს შემდგომი განვითარებისა და ევროატლანტიკური კურსის მნიშვნელობა. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ წარმატებულ პოლიტიკას ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური განვითარების თვალსაზრისით, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.