პრემირმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქონების უახლესი დეკლარაცია გამოაქვეყნა. დოკუმენტი მან 2023 წლის 30 ოქტომბერს შეავსო და 2022 წლის ქონებრივ მდგომარეობას ასახავს.
დეკლარაციის თანახმად, გასულ წელს პრემიერმინისტრს მშობლებმა 180 ათასი ლარი აჩუქეს.
ის, რომ ტარიელ ღარიბაშვილმა შვილს დიდი ოდენობით თანხა მისცა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიმდინარე წლის სექტემბერშიც თქვეს, როცა განიხილებოდა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ჩარტერული რეისის საკითხი.
კერძოდ, 12 სექტემბერს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა, ანზორ ჩუბინიძემ თქვა, რომ სამთავრობო თვითმფრინავის დაქირავება ჩარტერული რეისისთვის ირაკლი ღარიბაშვილს 34 ათასი აშშ დოლარი დაუჯდა.
ამასთან, მისი თქმით, ღარიბაშვილის მიუნხენში გამგზავრების ხარჯი მისმა მამამ, ტარიელ ღარიბაშვილმა გაიღო.
იმავე დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტარიელ ღარიბაშვილის კომპანიამ სახელმწიფოსგან 150 000 ლარი მიიღო.
საქართველოს პრემიერმინისტრის ბოლო დეკლარაციების თანახმად, მას უკვე 3 წელია, მშობლები ფულს ჩუქნიან – 2021 და 2022 წლის დოკუმენტების მიხედვით, ირაკლი ღარიბაშვილს მიღებული აქვს 150-150 ათასი ლარი.
ირაკლი ღარიბაშვილის უახლესი დეკლარაცია არ ასახავს შვილის აშშ-ში ჩარტერული რეისით გამგზავრების თანხას. ეს მომავალ წელს გამოქვეყნებულ დოკუმენტში აისახება.