უახლესი ისტორია აჩვენებს, რომ რუსეთთან „დათმობის” პოლიტიკა დამღუპველია - მოძრაობა „სირცხვილია“

პუბლიკა

„ღარიბაშვილის განცხადება სახიფათოა ქვეყნის სუვერენიტეტისთვის“ – ასე ეხმაურება მოძრაობა „სირცხვილია“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ბრატისლავას გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე გაკეთებულ განცხადებას უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით.

მოძრაობაში ამბობენ, რომ პრემიერის განცხადების შინაარსი სამარცხვინოა და რუსულ პროპაგანდას იმეორებს. როგორც „სირცხვილიას“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სინამდვილეში, საქართველოს დეოკუპაცია, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ხანგრძლივი მშვიდობის მოტანა სწორედ NATO-სა და ევროკავშირის წევრობას შეუძლია.

„ოკუპირებული ქვეყნის პრემიერ-მინისტრისგან მსგავსი განცხადება პირდაპირ მიანიშნებს მის განზრახვაზე – მოჩვენებითი მშვიდობის სანაცვლოდ, საქართველომ უარი თქვას ნატოზე და „ნეიტრალური”, ან სულაც რუსეთთან შეთანხმებული უსაფრთხოების არქიტექტურა შექმნას.

ყალბი არჩევანი ნატო-ევროკავშირსა და მშვიდობას ან ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას შორის, ის პროპაგანდისტული ნარატივია, რომლის გამოყენება ქართული ოცნების ხელისუფლებამ ჯერ კიდევ შარშან დაიწყო და უკანასკნელ პერიოდში განსაკურებით გაააქტიურა.

უახლესი ისტორია აჩვენებს, რომ რუსეთთან „დათმობის” პოლიტიკა დამღუპველია. ასე იყო მოლდოვის ნეიტრალიტეტის შემთხვევაში, როცა რუსეთმა დნესტრისპირეთის ოკუპაცია მოახდინა და ასე იყო უკრაინაში იანუკოვიჩის მიერ პრო-რუსული ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაშიც, როცა რუსეთი ყირიმსა და დონბასში შეიჭრა. აფხაზეთში რუსეთის მიერ ჩადენილი გენოციდის შემთხვევაში კი საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი თეორიულადაც კი არ განიხილებოდა.

სინამდვილეში, საქართველოს დეოკუპაცია, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ხანგრძლივი მშვიდობის მოტანა სწორედ ნატოსა და ევროკავშირის წევრობას შეუძლია“, – წერია განცხადებაში.

დღეს, ბრატისლავაში გამართულ გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთ-ერთი მიზეზი იყო NATO-ს გაფართოება და უკრაინის სურვილი, გამხდარიყო ალიანსის წევრი. ღარიბაშვილმა შეკითხვის პასუხად მხოლოდ კრემლის მიერ ომის გასამართლებლად გავრცელებული პოზიცია გააჟღერა.