უახლოეს ხანში რომ ვიმოგზაურო აშშ-ში, ამომწურავი იქნება ეს ფაქტი? - ლილუაშვილი მის შესაძლო სანქცირებაზე

პუბლიკა

„უახლოეს ხანში რომ ვიმოგზაურო აშშ-ში მხოლოდ და მხოლოდ დადებითი პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, ამომწურავი იქნება ეს ფაქტი თქვენთვის? – ასე უპასუხა სუს-ის ხელმძღვანელმა გრიგოლ ლილუაშვილმა შეკითხვას, არის თუ არა დასანქცირებული.

„წინასწარ რა დაგიდასტუროთ? გეუბნებით, არც შეტყობინება მიმიღია, ვიზაც პასპორტში მაქვს და სიზმარი არ დამსიზმრებია, რომ ვიცოდე, შემიშვებენ თუ არა. თუ არ შემიშვებენ, ძალიან ცუდი ტონი იქნება იმისთვის, რომ ჩვენი მეგობრულ-პარტნიორული ურთიერთობები არ ითვალისწინებს მსგავს მიდგომებს“, – განაცხადა მან.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მტკიცებით, საქართველო-აშშ-ის სტრუქტურების თანამშრომლობა იმ რეჟიმშია, რა რეჟიმშიც რუსული კანონის მიღებამდე იყო და პარტნიორობას საფრთხე არ ემუქრება.

„განცხადების შინაარსში პირდაპირ იყო გადმოცემული, რომ ეს იყო კონფიდენციალური, შესაბამისად, ვერც მე და ვერც ვერავინ, ვერც დაადასტურებს და ვერც უარყოფს არის თუ არა სიაში. რა თქმა უნდა, ეს სამწუხარო ტენდენცია კვლავ განმეორდა, რაც განმეორდა სასამართლო ხელისუფლების წარმომდგენლების მიმართებით. ეს არ არის ის ტონი, რითაც სტრატეგიული პარტნიორი, მეგობარი ქვეყნები ერთმანეთს უნდა ესაუბრონ, თუმცა მე იმედს გამოვთქვამ, რომ ეს პოლიტიკური ტემპერატურა დაიწევს, ისევ დავუბრუნდებით იმ პარტნიორულ ურთიერთობებს, გავაგრძელებთ ჩვენს ნაყოფიერ თანამშრომლობას, მათ შორის, პოლიტიკური კუთხითაც, უსაფრთხოების და თავდაცვის მიმართულებით“, – თქვა ლილუაშვილმა.

სუს-ის ხელმძღვანელის თქმით, საქართველოს საგარეო კურსი არ შეცვლილა.

„დეკემბერში მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, ე.ი. დეკემბერში თვლებოდა, რომ საქართველო მიდის მყარად ევროატლანტიკური სივრცისკენ, ფაქტი სახეზეა მიღწევებსა და რეიტინგებში… როგორ შეიძლება დეკემბრიდან 4 თუ 5 თვეში ერთმა 6-გვერდიანმა კანონმა ორბიტიდან, საერთაშორისო პოლიტიკური სივრციდან გადაახვევინოს ქვეყანას? ეს ხომ წარმოუდგენელია? შეგიძლიათ, მითხრათ, როდის გადაუხვია ქვეყანამ დასავლურ კურსს? დეკემბრამდე მოხდა თუ მის მერე? დეკემბერში ხომ ყველამ აღიარა, რომ იმსახურებდა, ისე ხომ სტატუსს არ მოგვცემდნენ… რა შეიცვალა, გამჭვირვალობამ შეცვალა? გამჭვირვალობის 6-გვერდიანმა კანონმა როგორ შეიძლება, შეცვალოს ქვეყნის პოლიტიკური კურსი, ეს ხომ ნონსენსია“, – განაცხადა ლილუაშვილმა და დაამატა, რომ ამ კანონის პოლიტიზება მოხდა და „ბაბლი“ შეიქმნა იმისა, რომ ქვეყანა რუსეთში გაიღვიძებს.

„ბაბლი შეიქმნა იმისა, რომ ე.ი. ქვეყანა გაიღვიძებს ჩელიაბინსკში თუ კრასნოდარში. დავიძინეთ თბილისში, გავიღვიძეთ თბილისში. დავიძინეთ საქართველოში, გავიღვიძეთ საქართველოში“, – თქვა მან.