უახლოეს პერიოდში დაიწყება შესყიდვის პროცედურები, 2023-2024 წლებში 18-მეტრიანი ავტობუსების შემოსაყვანად - კალაძე

პუბლიკა

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, უახლოეს პერიოდში დაიწყება შესყიდვის პროცედურები, რაც ითვალისწინებს 2023-2024 წლებში თბილისში 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანას.

მერი ამბობს, რომ პროექტი საბიუჯეტო დაფინანსებით განხორციელდება.

„ჩვენი დაპირება იყო 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა.

ბოლო პერიოდში გვქონდა მოლაპარაკებები, როგორც ბანკთან, ისე ცენტრალურ ხელისუფლებასთან, ფინანსთა სამინისტროსთან და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული ავტობუსები და ავტობაზა, რომელიც მათ მოემსახურება, შევისყიდოთ საბიუჯეტო სახსრებით და ამისთვის არ ავიღოთ სესხი.

ჩვენ უკვე ოფიციალურად მივმართეთ ფინანსთა სამინისტროს, მოვითხოვეთ ამ სასესხო  ხელშეკრულებიდან ავტობუსებისა და ავტობაზის ხარჯების კომპონენტის ამოღება და პროექტი განხორციელდება საბიუჯეტო დაფინანსებით“, – განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანამდე, პარალელურად, მოწესრიგდება ინფრასტრუქტურა, აღნიშნულმა ავტობუსებმა ქალაქში გადაადგილება უპრობლემოდ რომ შეძლონ.

თავდაპირველი განცხადებების მიხედვით, 18-მეტრიანი ავტობუსები 2021 წლის ბოლომდე უნდა შემოეყვანათ. როგორც მერიაში განმარტავენ, პანდემიის პირობებში შესყიდვა ვერ მოხერხდა, თუმცა 2022 წელს აღნიშნულ ავტობუსებს შემოიყვანდნენ.

******

2018 წლიდან თბილისში სატრანსპორტო რეფორმა მიმდინარეობს. როგორც თბილისის მერიაში განმარტავენ, საბჭოთა კავშირის დროს დადგენილი თბილისის სატრანსპორტო სქემის შემდეგ დედაქალაქში პირველად საკონსულტაციო კომპანია „სისტრასთან“ ერთად საზოგადოებრივი ტრანსპორტის ერთიანი ქსელი შემუშავდა. სქემის მიხედვით განისაზღვრა ?? ძირითადი საგზაო დერეფანი, რომელიც დედაქალაქში ძირითადი მგზავრთნაკადის გადაადგილების მიმართულებებს განსაზღვრავს.

აღნიშნული სატრანსპორტო პოლიტიკის მიხედვით, თბილისში სამდონიანი სატრანსპორტო ქსელი უნდა შეიქმნას.

  • 10 ძირითადი დერეფანი (TBT lines) არის თბილისის ძირითადი გამზირები, რომლებზეც ივლიან 12- და 18-მეტრიანი ავტობუსები.
  • 44 საქალაქო, მთავარი დერეფნის მკვებავ ხაზებზე (city lines), საიდანაც ადამიანებს გადასხდომა მოუწევთ, ივლიან 8-10-12-მეტრიანი ავტობუსები და სამარშუტო ტაქსები.
  • 185 საუბნო ხაზებს, რომლებიც ასევე კვებავენ 10 ძირითად მთავარ დერეფანს, მეტწილად მოემსახურებიან სამარშუტო ტაქსები.