საქართველოს რკინიგზის ცნობით, დასავლეთში ძლიერი ქარის გამო მახინჯაურში ხე წაიქცა და დააზიანა საკონტაქტო ქსელი. ამის გამო შეყოვნდა მატარებლების მოძრაობა.
„საქართველოს რკინიგზის თანამშრომლები მთელი ღამე მუშაობდნენ. ლიანდაგის გაწმენდითი სამუშაოების დასრულება რამდენიმე საათში იგეგმება. მომხდარის გამო შეყოვნება აქვს რამდენიმე რეისს, თუმცა მოძრაობა სრულად დაახლოებით 12 საათისთვის განახლდება. აქვე აღსანიშნავია, რომ სურვილის შემთხვევაში მგზავრებს ბილეთების დაბრუნება შეუძლიათ, საქართველოს რკინიგზა მათ ბილეთის საფასურს სრულად აუნაზღაურებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
განახლება: მატარებლის მოძრაობა აღდგა
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, უამინდობის გამო გზებზე მოძრაობა შეფერხებულია.
თოვის და ლიპყინულის გამო ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ70-კმ185 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო კმ90-კმ185 (დიზი-უშგული) მონაკვეთზე, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.
მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია.
საავტომობილო გზის კმ1-კმ70 (ზუგდიდი-ხაიში) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს და ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზებზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
გუშინ ღამით აიკრძალა მოძრაობა ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის 26-ე კილომეტრზე კლდის ჩამოშლის გამო.
დეპარტამენტის ცნობით, მსუბუქი ავტომობილების მოძრაობა შესაძლებელია სოფელ ქვაბღაზე გამავალი ადგილობრივი მნიშვნელობის გზით, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.
ასევე გუშინ აკრძალული იყო გადაადგილება ვაზიანი-გომბორი-თელავის გზის თეთრიწყლები-ვერონის მონაკვეთზე, ასევე ფარავნის უღელტეხილზე. ნაქერალას უღელტეხილზე აკრძალული იყო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის გადაადგილება. ზვავსაშიშროების გამო გუშინ საღამოს გუდაური-კობის გზის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.
განახლება: თეთრიწყლები-ვერონის მონაკვეთზე მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება, თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, აკრძალულია.