უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე 3 პირი, მათ შორის, შსს-ს თანამშრომელი დავაკავეთ - საგამოძიებო სამსახური

პუბლიკა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვისა და გადაზიდვის ფაქტზე სამი პირი, მათ შორის, შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხობის რაიონული სამმართველოს სპეციალისტი დააკავეს.

უწყების ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი 3 100 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საბაზრო ღირებულება წინასწარი მონაცემებით 13 640 ლარს შეადგენს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.