უარი რუსულ ალმასებს  — EU-მ რუსეთს სანქციების მორიგი, მე-12 პაკეტი დაუწესა

პუბლიკა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური და ინდივიდუალური სანქციების მორიგი, მე-12 პაკეტი დაამტკიცა.

სანქციების თანახმად, 2024 წლის 1-ლი იანვრიდან ევროკავშირი კრძალავს რუსეთიდან ალმასების პირდაპირ ან არაპირდაპირ იმპორტს, ყიდვა-გაყიდვას ან ტრანსფერს. აკრძალვა ეხება როგორც რუსეთში მოპოვებულ, ისე რუსეთიდან ექსპორტირებულ, ტრანზიტულ ან მესამე ქვეყანაში დამუშავებულ რუსულ ალმასს.

პირდაპირი აკრძალვა ეხება როგორც დაუმუშავებელ ალმასს, ისე ბრილიანტის სამკაულებს.

ალმასი რუსეთის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი ნედლეულია, ვინაიდან რუსეთი ალმასებით მსოფლიოს ყველაზე დიდი მომმარაგებელია. სახელმწიფო კომპანია „ალროსამ” 2021 წელს მსოფლიოში დამუშავებული ალმასების ერთი მესამედი მოიპოვა.

სანქციების პაკეტში ასევე მითითებულია, რომ ევროკავშირი კრძალავს განსაკუთრებით სენსიტიური მნიშვნელობის ტექნოლოგიისა და საქონლის რეექსპორტს, მომარაგებას, გაყიდვას და ა.შ.

ამასთან, სანქციები შეეხო დამატებით 29 ინდივიდს, რომლებიც რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში მხარს უჭერენ. ზოგიერთი მათგანი რუსეთის მოქალაქე პირია, ზოგიერთი – მესამე ქვეყნის წარმომადგენელი, რომელიც რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება, ზოგი კი – სუბიექტი, რომლებიც მონაწილეობენ რუსეთის სამხედრო და სამრეწველო კომპლექსის ელექტრონული კომპონენტების შემუშავებაში, წარმოებასა და მიწოდებაში.

გარდა ამისა, სანქციების ეს პაკეტი აფართოებს იმ საგნების ჩამონათვალს, რომლებმაც, შესაძლოა, ხელი შეუწყონ რუსეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის ტექნოლოგიურ გაუმჯობესებას და მოიცავს: ქიმიკატებს, ლითიუმის ელემენტებს, თერმოსტატებს, DC ძრავებს და უპილოტო საჰაერო ხომალდებს (UAV), ჩარხებს და ტექნიკის ნაწილებს.

იმ ქვეყნების სიას, რომლებიც ზღუდავენ რუსეთიდან რკინისა და ფოლადის იმპორტს, შვეიცარია ემატება.