„უარი საწვავის ფასებს" - მოქალაქეები კომპანიებს ბოიკოტს უცხადებენ

პუბლიკა

„უარი საწვავის ფასებს“ – სოციალურ ქსელში მზარდი საპროტესტო კამპანია მწიფდება. მოქალაქეების ნაწილი საწვავის მაღალი ტარიფის გამო ბოიკოტს უცხადებს კომპანია „ვისოლს“ და უარს ამბობს, ისარგებლონ მისი ბენზინგასამართი სადგურით. Facebook-ზე ასევე შექმნილია 126-ათასიანი ჯგუფი, სადაც მომხმარებლები წერენ, რომ ასევე უარს აცხადებენ ისარგებლონ სხვა ბრენდული გასამართი სადგურით. სხვადასხვა პლატფორმაზე ზიარდება პროტესტის ნიშნად გადახაზული კომპანიების ლოგოიანი ფოტოებიც.

როგორ დაიწყო პროტესტი? რატომ „ვისოლი“? რას გეგმავენ ორგანიზატორები? – „პუბლიკა“ facebook-ჯგუფის ადმინს, გიორგი გილიგაშვილს ესაუბრა.

მისი თქმით, ყველაფერი თენგო ლაიშვილის TikTok-ვიდეოთი დაიწყო. ამ ვიდეოში მომხმარებელი საუბრობს იმაზე, თუ როგორ შეუძლიათ მოქალაქეებს თვითორგანიზებულად მოქმედება და საწვავის ფასის დაწევა. ლაიშვილი ამბობს, რომ, თუ საზოგადოება გადაწყვეტს და არ ჩაასხამს ბენზინს ერთ კონკრეტულ კომპანიაში, ისინი იძულებული იქნებიან, დაწიონ ბენზინის ფასი მაგ: 2.70 ლარამდე ან დაიკეტონ. „ამ დათმობაზე აუცილებლად წავლენ, იმ შემთხვევაში, თუ არავინ ჩაასხამს საწვავს, მაგალითად, „ვისოლში“. როდესაც „ვისოლი“ ფასების დაწევს, ყველა დაიწყებს ბენზინის ჩასხმას იქ და უარს იტყვის სხვა კომპანიების საწვავზე, სანამ ისინიც არ დაწევენ ფასს“.

„როცა ყველა ჩამოვა 2.70 ლარზე, მერე შეგვიძლია ხელმეორედ გავაკეთოთ იგივე და მოვითხოვოთ 2.50 ლარამდე ფასის დაწევა. ჩვენ თვითონ მივხედოთ ჩვენ თავს, ჩვენ თვითონ მოვიწყოთ უკეთესი ქვეყანა უმჯობესია, ვიდრე ველოდოთ, როდის გააკეთებს ვინმე ჩვენთვის რამეს“, – ამბობს ლაიშვილი ვიდეოში.

როგორც გილიგაშვილი გვიყვება, სოციალურ ქსელში ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა – „ერთ დღეში ჰქონდა 40 000 ნახვა, 2-3 დღეში ავიდა 100-120 ათას გამომწერზე. შემდეგ კი საკითხს გამოეხმაურა „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი, ვასილ ფხაკაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ „იმდენად გაიზარდა საერთაშორისო ფასები, ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ღირებულება კიდევ უფრო მაღალი უნდა იყოს, მაგრამ ამას გარკვეული პერიოდი სჭირდება და მაქსიმალურად ვცდილობთ, ეს პროცესი გავაჭიანუროთ“.

გილიგაშვილი ამბობს, რომ ფხაკაძის ამგვარი პასუხი გამაღიზიანებელი იყო მოქალაქეებისთვის და კონკრეტულად „ვისოლის“ წინააღმდეგ კამპანიის დაწყება ამან განაპირობა.

„აქედან დაიწყო ეს კამპანია და „ვისოლი“ მხოლოდ და მხოლოდ ამის გამო ამოტივტივდა პირველი, რადგან ფხაკაძემ ასე უარყოფითად გვიპასუხა. ამის გამო წამოვიწყეთ „ვისოლის“ წინააღმდეგ კამპანია, სხვა არაფერი პირადული“, – ამბობს ის. გილიგაშვილის თქმითვე, ვიდეოს ფართოდ გავრცელების შემდეგ მალევე შექმნეს facebook-ჯგუფი და გვერდი.

პოსტი facebook-ჯგუფიდან – „უარი საწვავის ფასებს”

როგორც იქ ამბობს, პროტესტის მასშტაბი მზარდია და ცდილობენ, მაქსიმალურად აკონტროლონ მისი მიმდინარეობა და შინაარსი. მისივე თქმით, 14 ნოემბერს თბილისში აღმაშენებლის ხეივანზე საწვავის ფასის გასაპროტესტებლად აქცია იგეგმება. უკმაყოფილო მომხმარებლები ხეივანზე ცოცხალი ჯაჭვის გაკეთებას აპირებენ.

„იმ ვიდეოს შემდეგ ჩვენ განვავრცეთ [მოთხოვნები] – ხალხის მხრიდან იყო საუბარი გზების გადაკეტვაზე. ჩვენი აზრით, არანაირი აზრი არ ექნებოდა გზების გადაკეტვას. ჩვენი მოსაზრება იყო, რომ პროტესტის ნიშნად, ბოიკოტი გამოგვეცხადებინა „ვისოლისთვის“. „ვისოლი“ რომ იგრძნობდა ჩვენს ბოიკოტს, შემდეგ გადავსულიყავით სხვა კომპანიებზე.

ასევე, კვირას, 14 ნოემბერს 12 საათზე აღმაშენებლის ხეივანზე ვაკეთებთ ცოცხალ ჯაჭვს. მშვიდობიანი პროტესტი-პერფორმანსი იქნება, სადაც გამოვხატავთ ჩვენს ერთობას და უკმაყოფილებას საწვავის ფასთან დაკავშირებით. აღმაშენებლის ხეივანზე, მთლიან სიგრძეზე იქნება ცოცხალი ჯაჭვი. მანქანებს ვაჩერებთ, ვიკრიბებით ოლიმპიური აუზის მიმდებარე ტერიტორიაზე და ამერიკის საელჩოს გავლით მივდივართ აღმაშენებლის ხეივნისკენ, სადაც ცოცხალ ჯაჭვს გავაკეთებთ“, – ამბობს ის.

მისივე თქმით, მხარდაჭერის გზავნილებს იღებენ რეგიონებიდანაც. „გვწერენ, რომ გვიერთდებიან და ჩვენც მსგავს რაღაცას გავაკეთებთო“.

რაც შეეხება სხვა კომპანიების მიმართ ბოიკოტს, გილიგაშვილი ამბობს, რომ პროცესი თვითორგანიზებულია და სოციალურ ქსელში მომხმარებლები თავად მოუწოდებენ ერთმანეთს, რომ უარს ამბობენ ბრენდული კომპანიების საწვავზე.

„პუბლიკამ“ კომპანია „ვისოლს“ მიმართა შეკითხვებით – რა პასუხი აქვთ მათ მოქალაქეების პროტესტთან დაკავშირებით? აპირებენ თუ არა მათთან შეხვედრას, ფასების გადახედვას ან განმარტებას ტარიფთან დაკავშირებით? როგორც „ვისოლში“ განაცხადეს, კომპანიის პრეზიდენტი მედიის ყველა შეკითხვას ხვალ უპასუხებს.