თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტთა ჯგუფი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც წერს, რომ რუსულ კანონს აპროტესტებენ, საერთო სტუდენტურ ინიციატივას უერთდებიან და ორშაბათიდან აუდიტორიებში აკადემიური პროცესის განახლებაზე უარს აცხადებენ.
„ჩვენ, სამხატვრო აკადემიის სტუდენტები, ვუერთდებით საერთო სტუდენტურ ინიციატივას. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი აკადემია დღემდე დუმს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, გადავწყვიტეთ, თანამოაზრეები გავერთიანდეთ.
ჩვენმა სფერომ თვალნათლივ დაინახა, რა კატასტროფული შედეგები მოუტანა დიქტატორულმა მმართველობამ ქართულ კულტურას. ამასთან, უფრო და უფრო რთული ხდება მაღალ მატერიებზე მსჯელობა აუდიტორიებში მაშინ, როცა ქუჩებში კანონით მონიჭებული აზრის თავისუფლება უკანონო, ბრუტალური ქმედებებით ისჯება.
ყოველივე კი იმ ევროპულ ღირებულებებს უპირისპირდება, რომლებიც ასე ფუნდამენტურია უნივერსიტეტებისთვის. შესაბამისად, ვუერთდებით რა პროტესტს, უარს ვაცხადებთ ორშაბათიდან აუდიტორიებში აკადემიური პროცესის განახლებაზე“,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.