ამ წუთებში, მთავრობის კანცელარიის შენობასთან აქცია, სახელწოდებით „სოცაფეთქება“ იმართება. აქციის ორგანიზატორი, არასამთავრობო ორგანიზაცია „დაიცავით მთის კურორტები“ ამბობს, რომ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების აქცია აერთიანებს ყველა იმ სეგმენტის პროტესტს, სადაც აკრძალვები განსაკუთრებით ამძიმებს სოციალურ მდგომარეობას და ლახავს ადამინთა უფლებებს.
„ეს უაზრო ჩაკეტვები უნდა დამთავრდეს და ქვეყანას, ბიზნესს უკვე უნდა მიეცეს ნორმალური მუშაობის საშუალება. თუნდაც რეგულახიებით, მაგრამ უნდა ამუშავდეს. ქვეყანა არის ბანკროტის ზღვარზე. შეზღუდვების მოხსნასთან ერთად, ვითხოვთ კონკრეტული გეგმის დადებას, თუ რას ვაკეთებთ და როგორ ვაკეთებთ. თორემ ასე, ასეთ გაურკვევლობაში მივდივართ უკან და უკან და ამას, შემდგომში ვერაფერი გამოასწორებს“, – ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი.
აქციის კიდევ ერთი ორგანიზატორი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ დღევანდელ აქციაზე გაჟღერებული მოთხოვნები არ შესრულდება, მომავალში კიდევ უფრო მასშტაბური აქცია გაიმართება.
„ეს არის შანტაჟი, რასაც ბოლო თვეების განმავლობაში ახორციელებს თავისი ქვეყნის მოქალაქეების წინააღმდეგ. სხვას ამას ვერაფერს ვერ დავარქმევთ. რაც შეეხება ამ აქციის მიზანს და იმას, თუ რა მოლოდინები გვაქვს, დღეს გაჟღერდება და კონკრეტული ვადა მიეცემა ხელისუფლებას იმ მოთხოვნების შესასრულებლად, რომლებსაც ჩვენ წამოვაყენებთ. ეს არის გამაფრთხილებელი აქცია. შეგიძლიათ თქვენვე შეხედოთ რაოდენობას. მოთხოვნების არ შესრულების შემთხვევაში, მოვა უფრო გაცილებით მეტი და სხვანაირად მოვითხოვთ იმას, რაც გვეკუთვნის – ეს არის, პირველ რიგში არჩევანის თავისუფლება“, – აღნიშნავს აქციის ორგანიზატორი.
როგორც აქციის Facebook-ღონისძიებაშია აღნიშნული, აქციის მონაწილეები შეზღუდვების მოხსნა სხვადასხვა მიმართულებით ითხოვენ:
- ზამთრის კურორტებზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნა;
- სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში გაგრძელების მოთხოვნა;
- ყველა შშმ პირს მიეცეს თავისუფლად გადაადგილების საშუალება და მოიხსნას, საჭიროების მიხედვით, ყველა შეზღუდვა;
- საზოაგდოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობის შეზღუდვის მოხსნა;
- სახელოვნებო სივრცეების ფუნქციონირების აღდგენის მოთხოვნა კომენდანტის საათის შემსუბუქების მოთხოვნა და ა.შ.